მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი პალესტინას დახმარებას უწყვეტს

ევროკავშირი შეაჩერებს პალესტინისთვის ყველა სახის დახმარების გამოყოფას ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ გაჩაღებული ომის გამო, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰელმა.
ევროპულმა კომისიამ პალესტინისთვის 691 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

“გარდამტეხი აღმოჩნდა ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ ტერორისა და სისასტიკის მასშტაბი. პალესტინელების უმსხვილესი დონორი, ევროკომისია, იწყებს 691 მილიონი ევროს მოცულობის, განვითარების დახმარების მთელი პაკეტის გადახედვას. ყველა გადახდა შეჩერდება”, – დაწერა ვარჰელიმ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter-ში).

ვარჰელმა განმარტა, რომ საუბარია 2023 წლის ყველა მიმდინარე გადასახადისა და ახალი ბიუჯეტის წინადადებების შეჩერებაზე, ასევე პალესტინასთან ერთობლივი პროექტების გაყინვაზე.ხოლო ახალი ბიუჯეტის შესახებ განხილვები გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მანამდე პალესტინისთვის დახმარება შეწყვიტეს გერმანიამ და ავსტრიამ.
ცნობისთვის, ევროკავშირი პალესტინის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერია და 2021-2024 წლებში 1.18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამა იყო გათვალისწინებული.
გარდა ამისა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმასთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს ევროკავშირი საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას გამართავს.

„ხვალ ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას, რათა განვიხილოთ სიტუაცია ისრაელსა და რეგიონში“, – აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმის შემდეგ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და კატეგორიულად გმობს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

ავსტრია პალესტინელებისთვის დაახლოებით 19 მილიონი ევროს დახმარებას წყვეტს. ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი ავრცელებს.
„ტერორის მასშტაბები იმდენად საშინელია, რომ არ შეგვიძლია, დავუბრუნდეთ საქმიანობას ჩვეულებრივ, ამიტომ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობიდან ყველა გადასახადს ამ დროისთვის ვყინავთ“, – განუცხადა შალენბერგმა მედიას.
„როიტერის“ ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ პალესტინელებისთვის დახმარების შეწყვეტაზე ფიქრობს გერმანიაც. გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრის თქმით, მთავრობა ყოველთვის ფრთხილობდა, რომ ფული მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის ყოფილიყო გამოყენებული.

7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ხმელეთიდან შეიჭრა ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში, ისრაელში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.
პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი. დაჭრილია 2271.
2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button