მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოცნების ლიდერების თქმით ომის დაწყების მიზეზი NATO-ს გაფართოებაა

"უკრაინის პრეზიდენტი აღარ ითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას"

“ქართული ოცნების” დეპუტატის მამუკა მდინარაძის თქმით, ერთადერთი საკითხი, რაზეც ცივილური სამყარო და რუსეთი თანხმდება ისაა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოებაა.

მდინარაძის მტკიცებით, მსგავსი შინაარსის განცხადებებს უკრაინის პრეზიდენტი და რომის პაპიც აკეთებდნენ.

“ერთადერთი საკითხია, რომელზეც თანამედროვე ცივილიზებული სამყარო თანხმდება და მას ამ საკითხში რუსეთიც კი ეთანხმება, რომ რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და იბრძვის ამის წინააღმდეგ და ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის აწარმოებს საოკუპაციო ომს. არის სხვა მიზეზებიც, მათ შორის, დიახ, უნდა იმ ქვეყნების გაქრობა, რომელიც მისთვის ბუფერს წარმოადგენენ და შეიძლება ეს ასე აღარ იყოს, აქაც შეიძლება NATO გაფართოვდეს, ეს ქვეყნები შეიძლება გახდნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, ესეც აღიზიანებს და ამის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ვუდასტურებ თითოეულ სიტყვას საქართველოს პრემიერმინისტრს, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის NATO-ს გაფართოება და ამას ადასტურებს ცივილიზებული სამყაროს ყველა წარმომადგენელი და ამ საკითხს რუსეთიც კი არ უარყოფს. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ეს საკითხი მან თავიდანვე დაასახელა, რომ ის იბრძვის NATO-ს გაფართოების წინააღმდეგ. არის საკითხები, რომელიც უდავოა და ეს უდავო საკითხები თქვენ და გლობალური ომის პარტიის ყველა აგენტმა გამოიყენა ანტიქართული პიარისთვის.

[…]მე მგონი, დღეს მსოფლიოში ომთან დაკავშირებული ერთადერთი საკითხია, რაზეც ყველა თანხმდება, ოკუპანტიც და ვინც ამ ოკუპაციისგან თავს იცავს, ზელენსკის განცხადებაც იყო ამასთან დაკავშირებით, რომის პაპის განცხადებაც”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

რაც ისაუბრა ბატონმა პრემიერმა, იყო სრული სიმართლე. მგონი, პირველად არავის გაუჟღერებია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბრატისლავაში, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს, რასაც მსოფლიო ლიდერები არ ამბობენ.

„თვითონ ზელენსკიც ამბობდა, ნატო-ს გამო ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკანო. ეს ყველაფერი არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, იგივე გაიმეორა ბატონმა პრემიერმა. სიმართლე თქვა. ახალი რა იყო ამაში? ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და, სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც“, – განაცხადა გომელაურმა.

კითხვა მინდა დავსვა, თქვენი აზრით, რატო განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და არა რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში? საქართველოზე არ ვისაუბროთ. მაგალითად – ყაზახეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანში? – ამ შეკითხვით თავმჯდომარე კობახიძე ჟურნალისტებს მიმართავს და პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებების გამართლებას ცდილობს, სადაც ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ფაქტობრივად ნატოს დააბრალა.

“ერთადერთი განსხვავება იყო უკრაინასა და აზერბაიჯანს მონღოლეთსა და ყაზახეთს შორის, რომ უკრაინა ისწრაფოდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, ეს ქვეყნები არა” – ამბობს კობახიძე და ამტკიცებს, რომ ის, რაც ღარიბაშვილმა ბრატისლავაში თქვა, ფაქტის კონსტანტანცია იყო.

ჟურნალისტების შეკითხვაზე- უკრაინაში შეჭრის მიზეზი არის თუ არა ის, რომ რუსეთ დამპყრობელია – კობახიძე ასე პასუხობს – “ნაცობამ არ უნდა ამოგაგდოთ ლოგიკიდან” – ამბობს კობახიძე და ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის “ერთ-ერთი მიზეზი” ნატოსკენ სწრაფვა სჭირდება.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც იმეორებს, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იყო. მისივე მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც საუბრობდა ნატოში გაწევრიანების გადაფიქრებაზე.

“დღემდე არ მესმის საერთოდ ამ ვნებათაღელვის საფუძველი რა იყო, იმდენად აბსურდული იყო ეს ვნებათაღელვა თავისთავად. რა იყო ამის საფუძველი დღემდე მართლა საერთოდ არ მესმის. არის შემთხვევები, როდესაც მესმის, რომ აწყობთ სპეკულირება და რაღაც შეიძლება საბაბი ჰქონდეთ ამისთვის, აქ საბაბსაც კი ვერ ვხედავ, მოხდა უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია.

თქვენ გახსოვთ, გასული წლის მარტში, ომის დაწყებიდან 2 კვირაში ზელენსკი საუბრობდა ნატოში შესვლის გადაფიქრებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის ომის დაწყების საფუძვლად იქცა სწორედ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა, ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს, ან პრემიერს ან მე ან სხვას, რატომ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება, როცა ზელენსკი საუბრობს ამ ყველაფერზე. აქედან ჩანს, რომ ეს არის რაღაც თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები”, – თქვა კობახიძემ.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ, GLOBSEC-ზე უკრაინაში რუსეთის ომის მიზეზების კონტექსტში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა. მისი თქმით, არაპროვოცირებული ომი რუსეთმა დაიწყო და უკრაინაში უმიზეზოდ შეიჭრა.

“აქ, GLOBSEC-ში, გავიგე, რომ რომ თქვენ განიხილავდით ამ ომის მიზეზებს. ასე რომ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი. უმიზეზოდ, იგი შეიჭრა უკრაინაში, რათა წაეშალა ქვეყანა რუკიდან. რუსეთი უარს ამბობს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე. მაგრამ უკრაინელების ნებამ, იბრძოლონ და იყვნენ თავისუფლები, გააოცა მსოფლიო”, – თქვა ლაიენმა.

უკრაინის პრეზიდენტი “აღარ ითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას” – უკრაინაში რუსული ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ABC News-თვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული ეს განცხადება France 24-მა სტატიისთვის გამოიყენა.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა, რომ “ეს დელიკატური საკითხია და ის რუსეთის პროდასავლური მეზობლის ტერიტორიაზე შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო”. “ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ დავმშვიდდით, რადგან მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად… ალიანსს ეშინია საკამათო საკითხების და რუსეთთან დაპირისპირების”, – აცხადებდა ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button