ერეკლე კოდუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისთვის ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო.
განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ მერაბ რობაქიძეს არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ სახელმწიფოსთვის გადასაცემად 90 000 დოლარად აყიდინა ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთ-ერთი – 45 000 დოლარად ღირებული „LEXUS GX 470“ კოდუამ ნაცვლად სახელმწიფოზე გადაცემისა, გააფორმა თავისი შვილის სახელზე.

ასევე, 2009 წლის თებერვალში, ერეკლე კოდუამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული გიორგი გურჩიანისთვის არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მის ძმას შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დირექტორს ერეკლე გურჩიანს, გადაახდევინა კოდუას დედის, ლაურა ღაჭავას მიერ შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ 2008 წელს გამოყვანილი „LEXUS“-ის მარკის ავტომანქანის საფასური 92 000 აშშ დოლარი და დამატებით აყიდინა 41 500 ლარის ღირებულების „ტოიოტა ჰაი-ლუქსის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც მოგვიანებით გადაფორმდა ე. კოდუას სახელზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად იხილება ერეკლე კოდუას ბრალდების კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მისი სასტიკად ცემის ფაქტს.

მსგავსი პოსტები

Back to top button