ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასაქართველოსიახლეები

ნუშისა და კაკლის ტექნიკური რეგლამენტები მზადაა

სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების ხელშეწყობა გრძელდება, უკვე მომზადებულია, როგორც ნუშის, ისე კაკლის მიმართულებით ტექნიკური რეგლამენტი და მას მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის 2018-2021 წლების საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებაში მონაწილეობა ნუშის და კაკლის მწარმოებელმა ფერმერებმაც და ამ აგროინდუსტრიაში ჩართულმა ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ნუშისა და კაკლის ტექნიკური რეგლამენტების ამოქმედება ხელს უწყობს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ვალდებულების შესრულებას და ისეთი საექსპორტო პროდუქციის წარმოებას, რომელიც მიაწოდებს ქვეყნის შიდა ბაზარს მაღალხარისხიან პროდუქციას და, ამავე დროს, დააკმაყოფილებს ყველა ევროპული თუ არაევროპული ქვეყნის მოთხოვნებს.

ხანიშვილის თქმით, სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარი აქვს ჩადებული, კაკლის/ნუშის როგორც პირველად წარმოებაში, ისე გადამმუშავებელ და შემნახველ მეურნეობაში.

“ეს ჯერ მხოლოდ საწყისი ეტაპია. უახლოეს 5-6 წელიწადში, როგორც ნუში, ისე კაკალი, იქცევა ძალიან მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციად,” – ასეთია გიორგი ხანიშვილის პროგნოზი.

სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები 2013 წლიდან ხორციელდება.

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ, 2020 წლის დეკემბერში, USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის  მხარდაჭერა მიიღო, რომლის ფარგლებში აქტიურად დაიწყო ამ აგროინდუსტრიის გაძლიერების ღონისძიებების განხორციელება.

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლაშა ჯუღელის განცხადებით ასოციაცია 2018 წელს შეიქმნა და, დღეისათვის, მასში გაერთიანებულია 30-ზე მეტი ფერმერი; ასოციაციასთან 800-მდე მწარმოებელი თანამშრომლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button