მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვაშინგტონი მოუწოდებს ბიზნესს, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ბიზნესს მოუწოდა, უზრუნველყოს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების დაცვა და საექსპორტო კონტროლი– ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის სამმა დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.
იუსტიციის, ვაჭრობისა და ფინანსების დეპარტამენტი აფრთხილებენ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ სანქციების დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სამართლებრივი დევნა ან სხვა დამატებითი ზომების გატარება.

იუსტიციის, ფინანსთა და ვაჭრობის სამინისტროების ერთობლივი განცხადება გაფრთხილებასთან ერთად მოიცავს რეკომენდაციებსაც ამერიკული კერძო სექტორისთვის. მათ შორის, საუბარია სხვადასხვა ტაქტიკაზე, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად – მესამე მხარედ ჩართული კომპანიების, ფსევდონიმების და ტრანზაქციებისთვის სპეციალურად შერჩეული პირების გამოყენება, პროდუქციის რეალური მიმღების დამალვა და სხვა ქვეყნების ტერიტორიების გამოყენება.

აკრძალული საქონლის რუსეთსა და ბელარუსში გაგზავნის შესაძლო მარშრუტებად დასახელებულია ჩინეთი, თურქეთი, სომხეთი და უზბეკეთი.
შეერთებული შტატების მთავრობა ამერიკულ კომპანიებს მოუწოდებს, დაიცვან სანქციები და საექსპორტო კონტროლს პასუხისმგებლობით მოეკიდონ და აფრთხილებს, რომ პუტინის სამხედრო მანქანის მხარდაჭერა სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
„ყველა ტიპის კომპანიებმა უნდა იმოქმედონ პასუხისმგებლიანად, შემოიღონ მკაცრი კონტროლი, რომ სანქციები იყოს დაცული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა მასშტაბური ფინანსური და ეკონომიკური სანქციები და სხვადასხვა, მათ შორის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი აკრძალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button