მნიშვნელოვანისიახლეები

ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნით, სააკაშვილი სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი

სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმმა, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შეიქმნა იმ დროს, როცა ის შიმშილობდა, 4 და 5 დეკემბერს კლინიკა ვივამედში მისი გასინჯვისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ საზოგადოებას წარუდგინა ამ დროისთვის არსებული მოსაზრება სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ.

თენგიზ წულაძის თქმით, სააკაშვილი 4 დეკემბერს გასინჯეს და აპრილთან შედარებით მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. მისივე თქმით, სააკაშვილი დახმარების გარეშე ვერ დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს.

“გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტიური ფუნქციების გაუარესებაში, პოლინეუროპათია გამოიხატა, ასევე, კუნთების განლევა, საერთო სისუსტე. პაციენტის ვერ დგება, დახმარებით დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს. შეფასდა მისი კოგნიტიური სფეროც და ისიც დაქვეითებულია და აქვს ცხელება. ყველაფერმა ამან მოგვცა უფლება, რომ გვესაუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე ამ შიმშილობისა, რომელიც არის კახექსია.

შიმშილობა შეიძლება არასწორად ვახსენე, უფრო ანორექსია იყო, ვიდრე შიმშილობა. ყოველ შემთხვევაში პაციენტი აცხადებს, რომ არ შიმშილობს და შესაბამისად, მას აქვს გულისრევა და ვერ იღებს საკვებს და ამ ფონზე განვითარდა ეს მძიმე გართულება, კახექსია. კახექსია ეს არის ინფლამატორული პროცესის საბოლოო გართულება, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო აჩქარება, ჰიპერკატაბოლიზმი ჰქვია ამას”, – თქვა მან.

მისივე განცხადებით, მოსალოდნელია მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება.
ნევროლოგისვე თქმით, სააკაშვილს არსებული სიმპტომებით შეიძლება დაესვას კახექსიის მეოთხე სტადიის კლინიკური დიაგნოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ წონის ამ ტემპით კლების შემთხვევაში, მას მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი.

თენგიზ წულაძე ჟურნალისტების კითხვის პასუხად გამოეხმაურა ვივამედის სამედიცინო დირექტორის დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს განა ვერ იღებს, არ იღებს და თქვა, რომ სამედიცინო ისტორიაში არ არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ რომ სააკაშილი შიმშილობს.

“თუ პაციენტი წინასწარ განზრახვით არ იღებს საკვებს, ამას ქვია ორი რამ, ან შიმშილობა, ან სუიციდალური ქცევა, თვითმკვლელის ქცევა. შიმშილობა პაციენტის პასუხისმგებლობაა, სუიციდალური ქცევა კლინიკის პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკური განცხადებაა და ისტორიაში უნდა იყოს ამის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი. ისტორიაში არ არის მსგავსი ჩანაწერი” – თქვა თენგიზ წულაძემ. ექიმების განმარტებით, სააკაშვილს პრობლემა აქვს საკვების მონელებისას და შესაძლოა ჭამაზე უარის თქმა ამითიც იყოს განპირობებული.

კიდეც ერთი ნევროლოგი, გრიგოლ ხურციძე ამბობს, რომ სააკაშვილს წონის კატასტროფულად კლება სექტემბრის თვეში დაეწყო და თუკი ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული, 2-3 თვეში ის 50 კილომდე ჩამოვა.

“სხეულის მასის ინდექსი ნორმაა 19-დან 27-მდე, მისი არის 20. ძალიან სწრაფად იკლებს წონაში, 25 კილო დაიკლო სექტემბრიდან, იგივე დინამიკით რო გაგრძელდეს, 50-51 კილოზე ჩამოვა 2-3 თვეში და ეს უკვე იქნება ის კრიტიკული ზღვარი, როცა იწყება ორგანოების დაზიანება და შეუქცევადი პროცესები ორგანიზმში. ჩვენ რაც გვაშინებს, არის ის, რომ წონის კლება თავიდან მოდიოდა დუნედ, ახლა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა, მძიმედ და სწრაფად ეშვება თავქვედ, რაც ძალიან შემაშფოთებელია. ამას ემატება ნეიროპათიის გაღრმავება, ნერვების დაზიანება, სიცხე… ანუ რაღაც ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რაზეც აქ ვერ დავსვით დიაგნოზი” – თქვა მან დღეს სახალხო დამცველის ოფისში კოლეგებთან და ნინო ლომჯარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მან თქვა ისიც, რომ გამოსავალი ამ ვითარებაში მისთვის გარემოს შეცვლაა, ვინაიდან კლინიკაში, სადაც ის იმყოფება, უკეთებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და ეს ძალისხმევა კონტრპროდუქტიულია.

“ჩვენი ცოდნით და ექსპერტიზით აქ რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა, ამაზე მეტი უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია რა შეიძლება გაკეთდეს და ამასობაში პაციენტს ორი-სამი თვე აქვს დარჩენილი შეუქცევად ცვლილებებამდე, როცა მისი სხეული დაიწყებს მისი ორგანოების მონელებას და მერე უკვე ვეღარაფერი ვეღარ მოატრიალებს მას” – თქვა გრიგოლ ხურციძემ.

სააკაშვილის ვივამედში მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა ომბუდსმენის კონსილიუმის კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი გრიგოლიამ. მან თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენს მკურნალობენ სიმპტომებზე და არა ამ სიმპტომების გამომწვევ მიზეზებზე და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება.

“ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ კლინიკა ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობების ფარგლებში პაციენტისთვის, თუმცა, სათანადო შედეგისთვის “პაციენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა”. ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის წონის კლება, თუმცა თქვა, რომ ეს გამოწვეულია დიდწილად იმით, რომ ექსპრეზიდენტი “არ იკვებება.”

“მდგომარეობა არის სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია, შესაბამისად გრძელდება მკურნალობა. წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, იყო უმნიშვნელო წნევის ცვალებადობა.

მისი დაავადებიდან გამომიდინარე, რა თქმა უნდა, პაციენტს უკეთდება ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება, მაგრამ, მოგეხსენებათ, მკურნალობა არის რთული პროცესი. ამიტომ ბევრი რამეა დამოკიდებული პაციენტზეც, ამიტომ კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად – პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად – არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო, ალბათ – არ.

რატომ ველოდებით უარესს? მდგომარეობა მისი არის საყურადღებო, რა თქმა უნდა, მაგრამ გრძელდება მკურნალობა და შესაბამისად, უკეთდება ყველაფერი. მაგრამ კიდევ გეუბნებით, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც, პაციენტი უნდა იკვებებოდეს სრულფასოვნად”, – უთხრა დღეს ჟურნალისტებს ზურაბ ჩხაიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც ჩანს, ლობისტები ამოქმედდნენ და მიხეილ სააკაშილთან დაკავშირებით ერთი და იმავე სათაურით ქვეყნდება სხვადასხვა უცხოურ პრესაში სტატიები.

მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ, სხვა დანარჩენი კი სასამართლოს გადასაწყვეტია.

„რამდენიმე თვის ინტერვალით მეორდება უმძიმესი პროგნოზების გაკეთება. არცერთ შემთხვევაში ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ახლა განსხვავება ისაა, რომ, როგორც ჩანს, ლობისტები ამოქმედდნენ და ერთი და იმავე სათაურით, ერთი და იმავე ფოტოთიც კი იდება სხვადასხვა უცხოურ პრესაში სტატიები. ანუ, უკვე ხორციელდება მისი ავადმყოფობის ლობირება და პიარკამპანია. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც „პიარშიკები“ დაუქირავეს ავადმყოფობას. კონკრეტული პატიმარი, იმის გამო, რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი, დამნაშავე სააკაშვილი, სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ პროფესიონალი ექიმები. დანარჩენი ყველაფერი არის სასამართლოს გადასაწყვეტი, ჩვენ მის კომპეტენციაში ვერ ჩავერევით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთი, სამართლებრივი მხარე არის მეორე და ყველას ვთხოვ, რომ ამ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცნენ და ნუ ითხოვენ ისეთ რამეს, რაც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.

რაც უნდა პარადოქსული იყოს, ათობით სტატია, შეკვეთილი სტატიები – და ამას მტკიცებულება არ სჭირდება, როდესაც ფოტოც კი არ არის განსხვავებული, ლობისტების მიერ ერთი და იგივე ფაილია გაგზავნილი ბევრგან – ერთი და იმავე ფოტოთი და სათაურით ქვეყნდება უცხოურ მედიაში შეკვეთილი სტატიები, ეს ნიშნავს, რომ პიარკამპანია ლობისტების მიერ დაიგეგმა და ხორციელდება. ანუ, ხელშეკრულება შევიდა ძალაში და დაქირავებული ადამიანები, რომლებმაც ლობირება უნდა გაუწიონ ავადმყოფობის შესახებ კამპანიას, უკვე მოქმედებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.

„ის კი არა, რომ უარს ამბობს, ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს, უჭირს. მე ხომ ამის მომსწე ვარ“, – განაცხადა მედიასთან გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის სტატუსით მიმართავს სასამართლოს 9 დეკემბერს ჩანიშნული სხდომისთვის, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვისთვის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლება განიხილება.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ამ პოსტზე ბოლო სამუშაო დღეს 8 დეკემბერს აქვს;

მსგავსი პოსტები

Back to top button