მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია

ისრაელმა და პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, წინასწარი თანხმობა განაცხადეს 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პალესტინელი პატიმრებისა და ღაზაში დარჩენილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით. წყაროს ცნობით, მართალია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება თითქმის მიღწეულია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას აფერხებს მხარეების შეხედულებები, თუ საბოლოოდ როგორ უნდა დასრულდეს ომი ღაზას სექტორში.

ინტენსიურ მოლაპარაკებებს კატარი, ამერიკა და ეგვიპტე ხელმძღვანელობენ, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს ისრაელელი მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლება, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის სანაცვლოდ.

დიპლომატიური შეხვედრების ბოლო რაუნდი 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად “ჰამასი” ისრაელს ცეცხლის შეწყვეტას რამდენიმე თვით სთავაზობდა, რაც ისრაელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ მხარეები საბრძოლო მოქმედებების 30 დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

მიუხედავად ამ შეთანხმებისა, წყაროები ამბობენ, რომ “ჰამასი” შეთანხმების ამოქმედებაზე უარს ამბობს, სანამ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სამომავლო გეგმები არ იქნება გაწერილი. ისრაელში ამ ინფორმაციას უარყოფენ.

ამავე დროს ზავი ბრკოლდება ცეცხლის საბოლოო შეწყვეტის პირობებზე უთანხმოების გამო, მაგრამ სააგენტოს თანამოსაუბრეები მიიჩნევენ, რომ გარიგება ნებისმიერ მომენტში შეიძლება იქნეს მიღწეული.

ჰამასი ითხოვს გარანტიებს ცეცხლის შემდგომი პერმანენტული შეწყვეტისთვის მანამდე, სანამ დაჯგუფება დათანხმდება დროებით ზავს და მძევლების გათავისუფლებას, ამბობენ წყაროები ეგვიპტის უშიშროების სამსახურებიდან.
მათი ძირითადი ფოკუსი ებრაელი მძევლების, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ისე სამხედროების გათავისუფლება იყო.

გამოცემის ცნობით, იგეგმება პალესტინელი პატიმრების განთავისუფლებაც და ამასთანავე, ღაზის სექტორისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
ისრაელი და შუამავლები – აშშ, ეგვიპტე და კატარი – ცდილობენ, მოლაპარაკებები ეტაპებად აწარმოონ, განიხილონ სხვადასხვა კატეგორიის მძევლების თანდათანობით გაცვლის პირობები. Axios-ის წყაროების ცნობით, კერძოდ პირველ ეტაპზე ახალი დაზავების ფარგლებში ისრაელის მხარემ წინადადება წამოაყენა, გათავისუფლდნენ ქალები, 60 წელზე უფროსი მამაკაცები, ასევე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მძევლები. შემდგომ ეტაპებზე ისრაელი გეგმავს ქალი სამხედროების, 60 წლამდე ასაკის მამაკაცების, შემდეგ კი ისრაელის არმიის მეომრებისა და დაღუპული მძევლების ცხედრების დაბრუნებას.

სანაცვლოდ ისრაელმა ჰამასს უნდა გადასცეს პალესტინელი პატიმრები, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებიან. ადრე ჯიჰადისტები მოითხოვდნენ, რომ მათთვის გადაეცათ ის პირებიც, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

ჰამასი შიშობს, რომ ისრაელმა შესაძლოა განაახლოს საბრძოლო მოქმედებები სამოქალაქო მძევლების გათავისუფლების შემდეგ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჰამასის ხელთ დარჩებიან ისრაელის სამხედროები, წერს Reuters-ი.

ჰამასის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ისრაელმა მათ შესთავაზა, შეწყვიტოს ომი, თუკი დაჯგუფება ღაზის სექტორიდან გაიყვანს მათ ექვს მაღალი რანგის ლიდერს, რომელთა შორის არის დაჯგუფების პოლიტბიუროს ხელმძღვანელი იაჰია სინვარი. ჰამასმა კატეგორიულად უარყო წინადადება, განაცხადეს სააგენტოს თანამოსაუბრეებმა.

ისრაელს ოფიციალურად არ დაუდასტურებია Reuters-ის ცნობა. სააგენტოს რამდენიმე წყარო აცხადებს, რომ ისრაელმა უარი თქვა, განიხილოს ომის დასრულება ჰამასის ლიკვიდაციის გარეშე.
ისრაელი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. „როიტერის“ ცნობით, ისრაელელი სამხედროები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ქალაქი ხან იუნისი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში მოკლულია „ჰამასის“ 100-ზე მეტი მებრძოლი. საერთო ჯამში კი, ისრაელის ხელისუფლება „ჰამასის“ 9000 მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ აცხადებს. პალესტინის ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ღაზაში 192 პალესტინელია მოკლული, ხოლო ომის დაწყებიდან დღემდე მსხვერპლთა რაოდენობა 25 490-ს შეადგენს.
ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს დაჯგუფებამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და გაიტაცეს.

კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 25 000-ზე მეტი ადამიანი.

2023 წლის ნოემბერში მიღწეული ერთკვირიანი ზავისას გათავისუფლდა ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი. სანაცვლოდ ისრაელის საპატიმროებიდან გაათავისუფლეს 240-მდე პალესტინელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button