თელავში დისტანციურ სწავლებაზე კიდევ ერთი სკოლა გადავიდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი შეაჩერა.
გადაწყვეტილება სკოლის დირექციამ და თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიიღეს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სკოლის დაკეტვის მიზეზი, იმ თანამშრომლის კორონა ვირუსით ინფიცირება გახდა, რომელსაც სკოლის მთელ კოლექტივსა და მოსწავლეებთან კონტაქტი ჰქონდა.
სკოლა ორი კვირის მანძილზე სწავლების დისტანციურ რეჟიმში გადავა, ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირები ორკვირიქნ თვითიზოლაციასა და თვითდაკვირვების რეჟიმში იქნებიან. სასწავლო პროცესის შეწყვეტის შემდეგ კი, სკოლის შენობას სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დაამუშავებენ.
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის კლასებში განახლების შემდეგ, კორონა ვირუსის შემთხვევები, თელავის მუნიციპალიტეტის 6 სკოლაში დადასტურდა.
ხუთი სკოლის სხვადასხვა კლასი და ორი სკოლა სრულად, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც.