კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“თურმე, [ტელეფონის] ექსპერტიზა დასრულებულია”

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს გარდაცვლილის პირადი ტელეფონის ექსპერტიზა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, მისი თქმით, იქ მისულებს ტელეფონი უკვე გახსნილი დახვდათ.

“დღეს მოვედით მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად. თურმე, მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაწყებულა 24-ში. დღეს მოვედი და ექსპერტიზა დასრულებულია.” — ამბობს ადვოკატი.

მისი განცხადებით, მას ლუქზე ჰქონდა ხელი მოწერილი, ამიტომ ტელეფონი არ უნდა გახსნილიყო.

“მაინც გახსნილა, ჩატარებულა ექსპერტიზა და შუალედური პროცედურა, ყველაფერი განხორციელებულა. დღეს კლონირება დასრულებულა, 99 გიგაბაიტია მთელი ინფორმაცია მობილური ტელეფონის. მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია და დასკვნა გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ხელმეორედ უკვე დავალუქინე აღნიშნული ტელეფონი.” — განაცხადა რამიშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ასევე, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუბერ ბაჩალიაშვილმა და აღნიშნა, რომ ტელეფონის ხელახლა დალუქვა მოითხოვეს.

“ჩვენ დავრჩით უკმაყოფილო და მოვითხოვეთ, რომ ეს მობილური დალუქულიყო.” — აცხადებს გარდაცვლილის მამა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს.

დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200 მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იპოვეს და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button