მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, შვილი დარია დუგინა მანქანაში ააფეთქეს

კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი, დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც ის მართავდა, იტყობინება რუსული მედია.

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტი მმართველის, დენის პუშლინის განცხადებით, ინციდენტში “უკრაინის რეჟიმის ტერორისტები” მონაწილეობდნენ და მათი სამიზნე გოგონას მამა იყო.
“უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, მისი ქალიშვილი ავტომობილში ააფეთქეს”, – წერს პუშილინი „ტელეგრამში“.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოჰყავს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადება, რომ მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. „გამომძიებლების ინფორმაციით, 20 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოდინცოვოს რაიონში, სოფელ ბოლშიე ვიაზემის მახლობლად, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სავარაუდოდ იყო დამონტაჟებული Toyota Land Cruiser-ში [სატრანსპორტო საშუალებაში], ამოქმედდა გზაზე და მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა და ის იყო ჟურნალისტი და პოლიტოლოგი დარია დუგინა“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში ტელეგრამის არხზე.

დუგინა იყო „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი. მოძრაობას მისი მამა ხელმძღვანელობს. ანდრეი კრასნოვმა, დუგინის ოჯახის ახლობელმა, განუცხადა TASS-ს, რომ მანქანა, რომლითაც ის მგზავრობდა, მამას, დუგინს ეკუთვნოდა. კრასნოვის თქმით, მას სჯერა, რომ დუგინი იყო აფეთქების ნამდვილი სამიზნე.

დენის პუშილინი, უკრაინის დონეცკის რეგიონის, მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ლიდერი, ასევე თვლის, რომ დუგინი იყო აფეთქების სამიზნე. მან მომხდარში დაადანაშაულა კიევი.

ამათან გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს ალექსანდრ დუგინი, რომელიც აფეთქების შემდეგ ცეცხლწაკიდებულ მანქანას უყურებს.
მომხდარზე რუსეთის მხრიდან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დარია დუგინა ჟურნალისტი იყო, რომელიც ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში.
ის აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაშიც მოხვდა ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
2022 წლის მაისში მან რუსეთის ომი უკრაინაში “ცივილიზაციათა ჯახად” შეაფასა და გამოხატა სიამაყე, რომ როგორც ის, ისე მამამისი დასავლეთის მხრიდან სანქცირებულები არიან.
თავად ალექსანდრ დუგინი დასავლეთმა სანქციების სიაში 2015 წელს შეიყვანა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში სავარაუდო მონაწილეობისთვის.

ალექსანდრე დუგინი “რუსული სამყაროს” ერთ-ერთი იდეოლოგია. ულტრამემარჯვენე ავტორს, რომელიც ცნობილია, როგორც არქიტექტორი ან “სულიერი მეგზური” უკრაინაში რუსეთის შეჭრისა, ითვლება, რომ ძლიერი გავლენა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. მას ხშირად უწოდებენ “პუტინის ტვინს.”

ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინმა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სხვა ავტომობილში ჩაჯდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button