მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების შემთხვევაში “მკაცრი პასუხით” იმუქრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების შემთხვევაში “მკაცრი პასუხით” იმუქრება. რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
“დღეს დილით, თავდაცვის სამინისტროს წინადადებით, უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო სარდლობასა და კავშირგაბმულობის ობიექტებზე შორი დისტანციური ზუსტი იარაღით განხორციელდა მასიური დარტყმა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმები გაგრძელდება, რეაგირება იქნება მკაცრი და შესაბამისი მასშტაბით,” – განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინა დგას და დაამატა, რომ “ასეთი დანაშაულების უპასუხოდ დატოვება” შეუძლებელია.

“თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს”, – თქვა პუტინმა.

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დღეს დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის.

სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნეპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
პუტინის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე განახორციელა 3 ტერაქტი კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას ბრალი დასდო იმაშიც, რომ ისინი “თურქული ნაკადის” განადგურებას ცდილობდნენ. ამასთან პუტინის თქმით, შეტევები, რომელსაც უკრაინული მხარე
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ახორციელებს შესაძლოა “ბირთვული ტერორიზმია”.

მსგავსი პოსტები

Back to top button