ჩვენი სწორი და ჭკვიანური პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები-მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება
ოცნების შეფასებები აგვისტოს ომთან დაკავშიფრებით

ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება, ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი აგრესორი იყო, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით და ვიცით, მთელმა მსოფლიომ იცის. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე და ქვეყნის საბოლოო გამთლიანებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
“მშვიდობას, მეგობრებო, ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს. ჩვენ ყოველ დღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით. მე კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ყველას ამ დიდ ტრაგედიას. ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნა იყოს და ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე,” – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა.
“მინდა, პირველ რიგში ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო კიდევ ერთხელ ჩვენს დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, მათ ოჯახებს მინდა, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ღრმა სამძიმარი, ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს, ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.
150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული, დამატებით დავკარგეთ ამდენი სოფელი, კოდორის ხეობა. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ასევე ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მინდა, დღეს აღვნიშნო, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. ვიცი რა ეს ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და მომავალ თაობას. მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული, ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა. მთელმა საზოგადოებამ ნახა და არამხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ, საუბედუროდ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეფასება აბსოლუტურად ზუსტი იყო. მოვა დრო და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი, რათა საზოგადოებამ და შთამომავლობამ იცოდეს, როგორი შეცდომები არ უნდა იყოს დაშვებული, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.
მაჭარაშვილის შეფასებით, ისეთ მოწყვლად ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რუსეთთან მიმართებით ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა სჭირდება.
„საქართველოს უახლოეს ისტორიაში 2008 წლის ომი დასტურია, რა შეუძლია ქართულ გენს, როგორ შეუძლია სამხედროს თუ არასამხედროს, თავი დადოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება გაკეთებულიყო ომის თავიდან ასაცილებლად, ამის თაობაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი და ბევრი რამის თქმას მოვერიდეთ, თუმცა შემდგომ ვთქვით ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეფასება აბსოლუტურად ზუსტი იყო. მოვა დრო და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ეს არა იმისთვის, რომ ჩვენ რაიმე შურისძიება გვამოძრავებს, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ და შთამომავლობამ იცოდეს, როგორი შეცდომები არ უნდა იყოს დაშვებული. სპეკულაციები იმის შესახებ, თუ ვინ რამდენჯერ ახსენებს რუსეთს, მიანიშნებს, რომ ხელმოცარულ ოპოზიციას მეტი სათქმელი არაფერი აქვს. შემიძლია, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების ის ნაწილიც გაჩვენოთ, სადაც ისიც და ჩვენ, ყველანი, რუსულ ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ და რუსეთზე, როგორც აგრესორ ქვეყანაზე ვსაუბრობთ.
ძალიან კარგად გვახსოვს მომენტი სახარებიდან, მამა ერთ შვილს ეუბნება – წადი, რაღაც საქმე გააკეთე. ის ეტყვის „დიახ“, მაგრამ არ გააკეთებს, მეორე ეტყვის „არა“, მაგრამ გააკეთებს. მამის თხოვნა რომელმა შეასრულა? ვინც უთხრა „არა“, მაგრამ საქმე გააკეთა. დეოკუპაციის პროცესის დაჩქარება იმაზე კი არ არის დამოკიდებული, ვინ რამდენჯერ იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია, არამედ დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ პოლიტიკას აირჩევს. მინდა, საზოგადოებას და ხელმოცარულ ოპოზიციას შევახსენო – აბა, გაიხსენონ, გიორგი მეხუთეს ბრწყინვალე რატომ შეარქვეს? გიორგი მეხუთეს ბრწყინვალე, მათ შორის, იმიტომ შეარქვეს, რომ მან ფრთხილი პოლიტიკა აირჩია, ქართველმა მეფემ ქვეყანას სისხლისღვრა თავიდან აარიდა, რითიც მოახერხა, რომ ჯერ შიგნიდან გააძლიერა ქვეყანა და შემდეგ გარეშე აგრესორს მიხედა. ეს არის მოცემულობა და არა ის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ჯერ სტრატეგიული ობიექტები მიყიდო და შემდეგ უთხრა, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადოს და რაც შეიძლება ბევრი რუსი ტურისტი შემოვიდეს, ხოლო ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ამბობდე, რომ ქვეყანას რუსული მთავრობა ჰყავს.
იმაზე, რისი თავიდან არიდებაც ნამდვილად არ შეიძლებოდა, მხედველობაში მაქვს სტიქიური კატასტროფები, ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეს თავიდან უნდა აერიდებინა, ხოლო იმაზე, რისი თავიდან არიდებაც შეიძლებოდა და თვითონ ვერ გააკეთეს, ამაზე ამბობენ, რომ თურმე ამის თავიდან არიდება არ შეიძლებოდა. როგორ გგონიათ, დღეს რუსეთის ფედერაცია უკან დაიხევს, მათ შორის, რომელიმე ევროპულმა სახელმწიფომ არასწორი ნაბიჯები რომ გადადგას? დაუკვირდით, როგორია ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი პარტნიორების განცხადებები, რიტორიკა და როგორი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში. მათ ნატო-ს ქოლგა იცავს და პირდაპირ და გადაჭრით ამბობენ, რომ რუსეთთან რაიმე ტიპის სამხედრო კონფლიქტს არ აპირებენ, ზუსტად ეს არის ფრთხილი პოლიტიკა. საქართველოს ნატო-ს ქოლგა არ იცავდა და სააკაშვილი იმ რიტორიკით გამოდიოდა, რითიც გამოდიოდა. თუ ფრთხილი პოლიტიკა ისეთ ქვეყნებს სჭირდებათ, ვისაც ნატო-ს ქოლგა იცავს, როგორ გგონიათ, ისეთ მოწყვლად ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რუსეთთან მიმართებაში ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა არ სჭირდება?“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, ომი, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია, ომის შედეგად დავკარგეთ უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენს მომავალ თაობებს, შვილებს უნდა ვუთხრათ და ბევრი ვესაუბროთ ამ გმირებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც ქვეყნის დიდი გამოწვევაა.
„დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გვაქვს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს, რატომ არის სადავო ომის დაწყების თარიღი.
„არ მინდა დღევანდელ დღეს ამ თემაზე საუბარი, თუმცა ნახეთ, 2013-2014 წლამდე მაშინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს ამოდიოდა, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი გმირებისთვის. დავანებოთ თავი ამ სპეკულაციებს“, – აღნიშნა კალაძემ.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლებისა და მმართველი გინდის სხვა წევრებთან ერთად პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანას უღალატა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, “ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ.”
“მთავარი არის შედეგები, უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით. თქვენ იცით, რომ 2004-12 წლებში, რუსეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი გავლენა საქართველოში, რაც გამოიხატა პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით და ეს იყო სწორედ იმ ღალატის შედეგი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა და ამ ღალატს ჰქონდა განგრძობითი ხასიათი, მათ შორის შემიძლია გავიხსენო კანონი, რომელიც მათ მიიღეს ე.წ. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თაობაზე, რითაც აღადგინეს ძველი საზღვრები, კომუნისტების დროინდელი საზღვრები, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების დროს იქნა გაუქმებული, ჩაატარეს ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები.
ეს იყო ღალატი, რომელიც განგრძობით ხასიათს ატარებდა და ამ ღალატის საბოლოო კულმინაცია იყო საბოლოო ჯამში ის, რომ რუსეთმა მოახერხა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ეს ღალატი არასოდეს არ ეპატიება იმ პოლიტიკურ ძალას, რასაც ჰქვია ნაცმოძრაობა და რასაც ჰქვია სააკაშვილის რეჟიმი. მაშინ ჩადენილ იქნა ღალატი და ამ ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა ნაცმოძრაობამ, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული, რაც იყო კატასტროფა, ამაზე მეტი ღალატი ხომ არ არსებობს? ეს ღალატი ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე მაშინდელმა ხელისუფლებამ.
შემთხვევითი არ არის, რომ მათ 2008 წლის ივლისში დააინიცირეს ცვლილებები, სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე და სექტემბერშივე მიიღეს ეს ცვლილება. ივლისში დააინიცირეს, ომამდე ერთი თვით ადრე და ომიდან ერთ თვეში მიიღეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე. როგორც ჩანს, მაშინაც ჰქონდათ შიში, ეშინოდათ ღალატის, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაცებმა” აგვისტოს ომის დროს, საკუთარი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულებაზე მოუწერეს ხელი რუსებს.
მისივე თქმით, ეს იყო რუსული მხარის ინიციატივა:
“ნაცმოძრაობის ლიდერების დაფუძნებული ორგანიზაცია ამბობს, რომ ჩანაწერი, რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, რუსებს არ შეუტანიათ შესწორების სახით, თავიდანვე ეწერაო!..
ამ არგუმენტით მცდარად მიიჩნიეს განცხადება…
დანარჩენზე ვერაფერზე დაობენ!
წარმოიდგინეთ, რას დაუჭირეს ნაცებმა მხარი – ქართველი სამხედროების დადანაშაულებას 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაში და მშვიდობიანი მოქალაქეების კასეტური ბომბებით დაბომბვაში. საკუთარი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულებაზე მოუწერეს ხელი რუსებს!
რაც შეეხება იმას, ვისი შესწორება იყო – თავიდანვე ეწერა? ფორმალურ საკითხებს ვეკიდებით, კომიტეტებზე შევიდა შესწორება თუ მანამდე, დრაფტის შემუშავების დროს, მაგას ვდაობთ? კი ბატონო – ვიღაცამ ხომ ჩაწერა თავიდან? ვინ იყო ის ვიღაც? ჩვენმა პარტნიორებმა დაგვადანაშაულეს და არა რუსულმა მხარემ? თუ ეგეც ნაცების დელეგაციის ინიციატივა ხომ არ იყო?
მოკლედ, თუ რუსების არა, ვისი ინიციატივით ჩაიწერა თავდაპირველ ვერსიაშივე ქართველი სამხედროების დადანაშაულების ვერსია???
ყველა ინფორმაციით, ეს იყო რუსული მხარის ინიციატივა. თუ ასე არ იყო, გამოვიდნენ ის ადამიანები, ვინც ამ პროცესების მონაწილე იყო და თქვას, რუსების გარდა ვის და რატომ მოუვიდა თავში ჩვენი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულება და მსგავსი ჩანაწერის შეტანა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში?!” – წერს მამუკა მდინარძე.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.