ტერორი და უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურება- ომი უკრაინაში
ოკუპანტი ქვეყანა არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი არის ტერორი და უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურება, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ მიკოლაივის ოლქზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
„ღამით რუსეთმა მიკოლაივი შავი ზღვიდან გაშვებული ოთხი „კალიბრის“ რაკეტით დაბომბა. მაღალი სიზუსტის იარაღი მიმართული იყო კერძო სახლების, ისტორიული შენობისა და მაღალსართულიანი შენობისკენ“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ამ დროისთვის ცნობილია 1 დაღუპულისა და 23 დაშავებულის შესახებ. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.
ბრიტანეთის დაზვერვის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების სახურავებზე საცეცხლე პოზიციები მოაწყვეს, რაც მიუთითებს სადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მზადყოფნისკენ, შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შემთხვევაში. ბრიტანული
დაზვერვის ცნობით, მარტის სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსულ ჯარებს ატომური ელექტროსადგურის ექვსი რეაქტორის რამდენიმე შენობის სახურავზე ქვიშის ტომრებისგან დამზადებული საცეცხლე პოზიციები აქვთ.
ბრიტანეთის თავდაცვა აცხადებს, რომ სადგურის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში, ეს არის პირველი მტკიცებულება ოკუპანტების განზრახვაზე, გამოიყენონ რეაქტორის შენობები ტაქტიკური თავდაცვის დაგეგმვისას.
ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, ზრდის ZANP-ის [ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური] უსაფრთხოების სისტემების დაზიანების ალბათობას, თუკი მის ირგვლივ საომარი მოქმედებები იქნება”, ნათქვამია რეზიუმეში.
ამასთან, ბრიტანელებს მიაჩნიათ, რომ “რეაქტორების პირდაპირი კატასტროფული დაზიანება” ნაკლებად სავარაუდოა, თუ სადგურისთვის ბრძოლა შემოიფარგლება მხოლოდ ქვეითი იარაღის გამოყენებით.
შეგახსენებთ, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ 21 აპრილს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, სამხედრო მზადების მკაფიო ნიშნები ნახა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოლაევზე თავდასხმისას რუსეთმა „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გამოიყენა. დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და 23 დაიჭრა. თავდაპირველად, ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ვარაუდობდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტები ისროლეს.
სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია 1 საცხოვრებელი კორპუსი, 2 კერძო სახლი და კიდევ ერთი შენობა.
სამხრეთის ოპერატიული სარდლობის სპიკერ ვლადისლავ ნაზაროვის განცხადებით, ნიკოლაევს შავი ზღვის აკვატორიიდან ესროლეს 4 რაკეტა „კალიბრი“, რომელიც მაღალი სიზუსტის იარაღია და წინასწარ განსაზღვრული კოორდინატებით მოქმედებს, ამიტომ, აშკარაა მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორის ფაქტი.გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს დოკუმენტურად დადასტურებული აქვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილამდე დაიღუპა 8 572 და დაიჭრა 14 441 სამოქალაქო პირი.
უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებით, რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან ოკუპირებული და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან ვერ ხერხდება ინფორმაციის დროულად მიღება და გადამოწმება.
ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 80-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს, მათ შორის 70-მდე საარტილერიო, შვიდი საავიაციო და ასევე დრონით ხუთი თავდასხმა.
ამასთან, რუსულმა ძალებმა ორჯერ ცეცხლი გახსნეს რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან.
თავდასხმის შედეგად, რეგიონში ორი ადამიანი დაიღუპა. რაკეტებმა გულიაიპოლეს რაიონში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.
ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელი ტოკარივკა დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოთხი ადამიანი.
“მტერმა ახლახან დაბომბა ხარკოვის რაიონის სოფელი ტოკარივკა. დაშავდნენ ხარკოვის ობლენერგოს მუშები, რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობდნენ. სამწუხაროდ, 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა”, – წერს სინეგუბოვი