ტერორიზმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს საქართველოში [Audio]

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

ამ თემაზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ სპეციალური ბრიფინგი გაიმართა:

“დაქირავებულის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 410-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მიმდინარე გამოძიების პროცესში, გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას.

გამოძიების ფარგლებში 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 11 საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება გაიცა. 29 ნოემბერს ამ განჩინების საფუძველზე, ყველა მითითებულ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად 4 პირის საცხოვრებელი სახლიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ მოდემები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები CD და DVD დისკები და ისლამური სახელმწიფოს მიკუთვნებული დროშები ამოიღეს,” – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, 4 პირს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გრძელდება გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი სხვა პირების მხილებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

ლევან იზორია_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button