
კომპანია Tesla-მ ჩინეთში ქარხნის მუშაობა მოულოდნელად შეაჩერა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.
მისივე ინფორმაციით, საუბარია შანხაის გარეუბანში მდებარე ქარხანაზე. როგორც გამოცემა წერს, ქარხანაში დასაქმებულებს, რომლებიც 5 დღიან შვებულებაში იყვნენ, შვებულების გახანგრძლივების შესახებ შეატყობინეს.
ქარხნის გაჩერების ოფიციალური მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა ჩინური ტექნოლოგიური საინფორმაციო საშუალება 36kr-ს ინფორმაციით, შეჩერების მიზეზი კომპონენტების დეფიციტია.
გარდა მოდელ 3-ისათვის საჭირო კომპონენტების დეფიციტისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანიას ასევე არ აქვს საკმარისი კრიტიკულად საჭირო აღჭურვილობა, რაც წარმოებისთვისაა საჭირო.
შანხაიში მდებარე ქარხნის გაჩერება ნიშნავს, რომ კომპანია ვეღარ აწარმოებს ავტომობილებს, რადგან აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიაში მდებარე ქარხანა კორონავირუსის გამო გაჩერებულია. ამან შანხაის ქარხნის მნიშვნელობა კრიტიკულად გაზარდა.