ოპოზიციაში ოცნების საარჩევნო სიის პირველ ოცეულის წარდგენასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება

ოპოზიციაში, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულის წარდგენასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება. “ევროოპტიმისტების” წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, სიაში წარმატებული სპორტსმენების ყოფნა არის ფასადური, “პოლიტიკურად მახინჯი სახეების გასალამაზებლად.”
“ჰყავთ გამლამაზებლები, ლამაზი ფასადური სახეები – ცნობილი და აღიარებული სპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, “ქართული ოცნების” პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ. ბუნებრივია, რომ კრიტიკის საგანიც გახდებიან. როდესაც შენ მოღალატე პარტიის გვერდით დგები, ბუნებრივია, რომ, პირველ რიგში, დგება მორალური შეფასება, შემდეგ – პოლიტიკური,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეფასებები კეთდება პლატფორმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობაშიც.” ნიკა ობოლაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნულმა სპორტსმენებმა, მისი შეფასებით, “გადაწყვიტეს წაგებულის მხარეს ყოფნა.”
“ისინი აღარ არიან სპორტსმენები, ისინი არიან პოლიტიკოსები და თუ ვინმე გამოთქვამს თავის თავისუფალ აზრს პოლიტიკოსის მიმართ, არა მგონია, რომ ამას ბულინგი უნდა დავარქვათ,” – ამბობს ნიკა ობოლაძე.
რაც შეეხება პარტია “საქართველოსთვის” წევრებს – მიხეილ დაუშვილის შეფასებით, ბულინგის კამპანია მიუღებელია.
“ჩვენ პატივს ვცემთ და მადლობას ვუხდით, როგორც გენო პეტრიაშვილს, ასევე, ლაშა ტალახაძეს ყველა იმ სიხარულისთვის და სიამაყისთვის, რომელიც ჩვენ მოგვანიჭეს და რამდენჯერაც ჩვენი დროშა აღმართეს და ჩვენი ჰიმნი გააჟღერეს საერთაშორისო დონეზე.
ბულინგის კამპანია ამ ორი ადამიანის მიმართ (და არა მხოლოდ) არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის მათი გადაწყვეტილება. მათი პოლიტიკური ცხოვრება აწი იწყება და მომავალში, როგორც პოლიტიკოსები, ჩვენ ჩვენი შეფასებები გვექნება, მათ – თავიანთი,” – აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან და „ქართული ოცნების“ სიაში მყოფი ჩვენი ოლიმპიელებიც დაუბრუნდნენ იმ საქმის კეთებას, რაც გამოსდით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ მმართველი პარტიის პირველი ოცეულის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა ევროპისთვის უარის თქმას ნიშნავს.
„საქართველო უკვე მიეჩვია მოწყურებულ გამარჯვებას. ვულოცავ საქართველოს, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ასევე იზეიმებს გამარჯვებას 26 ოქტომბერს იმ ბოროტ რეჟიმზე, რომელიც 12 წელი ძარცვავს ხალხს და ევროპისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ართმევს ქვეყანას. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ სიას, ივანიშვილის ამ სიაში ყოფნა ნიშნავს, რომ მათ ძალიან ეშინიათ დამარცხების. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის „ქართული ოცნების“ სიაში, ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს უარის თქმას ევროპისთვის, კეთილდღეობისთვის და 14-მილიარდიანი დახმარებისთვის საქართველოსთვის.
შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან და „ქართული ოცნების“ სიაში მყოფი ჩვენი ოლიმპიელებიც დაუბრუნდნენ იმ საქმის კეთებას, რაც გამოსდით და კარგად იციან. ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ევროპას, 14-მილიარდიან დახმარებას საქართველოსთვის, კეთილდღეობას, ერთიანობას. „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა კი ნიშნავს დაყოფას, სიღატაკეს, მეტ ემიგრაციას და დაცლილ საქართველოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი -ოლიმპიური ჩემპიონები ოლიგარქის პარტიის სიაში
“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ოცეული 10 სექტემბერს წარადგინა. სიის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. სიაში ასევე არიან სპორტსმენები – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.
არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.