„თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულებს, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა
2 თებერვალს აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის დაკავებულ რვა პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა – ნაწილს 5000 ლარის ოდენობით, ნაწილს 3500-ლარის ოდენობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ დროებითი მოთავსების იზოლატორს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა.
უფრო კონკრეტულად, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო,
ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი,
ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
რვავე პირისთვის 5000-ლარიანი საპატიმრო გირაო პროცესზე პროკურატურამ მოითხოვა.
ადვოკატები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
სხდომაზე პროკურატურამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ბრალდებულები ცდილობდნენ სავალი ნაწილოს ხელოვნურ გადაკვეთას, იყვნენ აგრესიულები პოლიციელებისადმი და არ ემორჩილბოდნენ მოწოდებას.
პარტია “ახალის” წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ არ ეთანხმება პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და არ ცნობს თავს დამნაშავეს. ბიძინაშვილის სიტყვებით, იგი პოლიტიკური დევნის ობიექტია.
“ვთვლი, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არაა დანაშაული, თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ჩვენი ისტორია. ჩვენი ისტორიის 99% არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, დამოუკდიებლობისთვის ბრძოლა, სახელმწიფოს შექმნისთვის ბრძოლა”, – თქვა მან.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კიდევ ერთი დაკავებული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.
“აქ ერთმანეთს არავინ არ ვიცნობთ. აბსოლუტურად სხვადასხვა წარმოშობის, პოლიტიკური გემოვნების და ა.შ. ადამიანები ვართ. ამ ადამიანებს რას ერჩით, რომლებიც იძულებული არიან ამ მარაზმში იყვნენ, ან თქვენ? ხომ გრძნობთ, რომ მარაზმში შევდივართ ყოველდღიურად? გვასამართლებთ კანონით, რომელიც არ არსებობს. თქვენ იცით, რომ აი, ის ცვლილება რომ შევიდა მარტო თბილისი მოლის მიმდებარედ, აღმაშენებლის ხეივანი კი არაა, რუსთაველის გამზირი, სანაპიროები, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილი, კახეთის გზატკეცილი. მთელი თბილისი სტრატეგიული ობიექტია. ასეთ საქართველოზე ოცნებობდით?”, – მიმართა უგულავამ მოსამართლეს.
დაკავებულთა შორის, ასევე არიან:
ირაკლი წიგნაძე; კაცი, რომელსაც გასული წლის 11 მაისს, ღამით, ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ირაკლი ტაბატაძე;
ნიკოლოზ კუტუბიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი;
ვასილ ელიავა;
ნიკოლოზ ქუმსიშვილი;
ალექსანდრე გოგოლაძე;
გიგი უგულავა;
დიმიტრი ბიძინაშვილი.
სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს მათ ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ამ დღეს პოლიციამ სავაჭრო ცენტრთან და სანაპიროზე 31 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით (173-ე, მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით).
2 თებერვალს „თბილისი მოლთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.
წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.