თბილისის მერია აფრიკის დასახლებაში მცხოვრებთა ქონების ჩამონათვალს აქვეყნებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/12/TBILISIS-MERIA.jpg)
თბილისის მერიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს და იმ მოქალქეების ქონებაზე საუბრობს, ვისაც აფრიკის დასახლებაში უკანონოდ მშენებარე ბინები დაუნგრიეს.
პრესსმასახურის ინფორმაციით,
აფრიკის დასახლებაში, მიტაცებულ სახელმწიფო მიწაზე მშენებარე უკანონო ნაგებობების მფლობელი “სოციალურად დაუცველი” და “უპოვარი” მოქალაქეების ქონება შეადგენს:
მოქალაქე ტ.ხ-ს ქარელის რაიონის სოფელ დირბში რეგისტრირებული აქვს 600 კვადრატული მეტრის ოდენობის ქონება.
მოქალაქე შ.ჯ, მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს. მამას რეგისტრირებული აქვს 6000 კვ მეტრი სახნავ-სათესი მიწა.
მოქალაქე დ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში სოფელ ლეღვანში ფლობს 1255 კვ მიწის ნაკვეთს.
მოქალაქე დ.ტ თბილისში ქიზიყის ქუჩაზე ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3302 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი.
მოქალაქე ვ.ფ თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლიბს 600 კვადრატული მეტრ ბინის ფართს.
მოქალაქე გ.მ თბილისში ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას აქვს 568 კვ მეტრი ფართი ნავთლუღის დასახლებაში.
მოქალაქე ნ.ბ რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1300 კვ მეტრი ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ.-აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ
ფაქტს დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი კახი კალაძეც კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუშინ აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი კანონიერად განხორციელდა და არცერთ ობიექტში, რომლის დემონტაჟიც მოხდა, ადამიანები არ ცხოვრობდნენ. კახა კალაძის თქმით, ამ ტერიტორიაზე ასევე არის უკანონოდ აშენებული სახლები, რომლებიც უკვე საცხოვრებლად გამოიყენება და მუნიციპალიტეტის ინსპექცია ამ შენობებს არ შეხებია.
“დღეს 32 ოჯახს 1 ლარად, სიმბოლურად ფასად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში” – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა უკვე დაანგრია. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.
შენობა-ნაგებობების დანგრევა გააპროტესტეს მოქალაქეებმა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც დააკავა 13 პირი, მათგან 12-ს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. ერთი ადამიანი კი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.
სასამართლო პროცესები დღეს, 16 დეკემბერს გაიმართება.
ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ მერიას ხალხის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.