თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული, ისინი ტერიტორიაზე არც მედიის წარმომადგენლებს და არც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს არ უშვებენ.
სწორედ სასამართლოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც და ოპოზიციის წარმომადგენლებიც რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ.
ისტორიული უსამართლობა, რომელსაც ახლა თვალყურს ვადევნებთ, აუცილებლად დასრულდება და თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს, ეს ისტორიული აბსურდია და მალე დასრულდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, სააკაშვილის პატიმრობის დასრულების მთავარი იარაღი რეჟიმის დასუსტება და დამარცხება არის.
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი სასამართლო პროცესის პირდაპირ ტრანსლირებას ითხოვს.
დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს.
ეს არის ისტორიული პროცესი როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით და მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი პაუზის შემდეგ მიეცემა საშუალება ქართველი საზოგადოების წინაშე წარსდგეს. ბუნებრივია, ჩვენ მოვითხოვთ, რომ პირდაპირ ეთერში მოხდეს ტრანსლირება და მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდეს გადაღების საშუალება სასამართლო პროცესზე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა საქმე, რომლის მიმართაც მსგავსად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებულიყო. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო არ დაკავდება იმით, რომ როგორმე შეზღუდოს პროცესის საჯაროობა და უზრუნველყოფილი იქნება ტელეკომპანიების მიერ პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემა. ჩვენ გვექნება შუამდგომლობები, რომელიც პროცესის დაწყებამდე არ გვსურს. თუმცა, ცხადია, პროცედურულად მივყვებით და გარკვეულ შუამდგომლობებს დავაყენებთ. თუნდაც, უსამართლო, ივანიშვილის სასამართლოში ვიზრუნოთ მიხეილ სააკაშვილის დაცვაზე“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მთელი 2 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის მიემართა, მაგრამ უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლისა და ქართველი ხალხის დიდი აქტიურობის ფონზე, ხელისუფლება იძულებული გახდა, მიხეილ სააკაშვილს ესარგებლა მისი კანონიერით უფლებით, წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული საქმეები იმას ემსახურება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ მიეცეს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება. ამასთანავე, ბასილაიამ განმარტა, რომ დაცვის მხარე პროცესზე რამდენიმე მნიშვნელოვან შუამდგომლობას დააყენებს.
„ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International-მა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი. ნებისმიერი პროცესი, რომელიც მის მიმართ მიმდინარეობს აქ, ნებისმიერი განაჩენი, რომელიც მიღებულია ამ სასამართლოების მიერ, არის უკანონო განაჩენები, არის უკანონო საქმეები. ეს საქმეები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ამოცანის შესრულებას, პოლიტიკური ამოცანის შესრულებას, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს თავისუფალი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მძევალი, პოლიტიკური ტყვე და ის უნდა გათავისუფლდეს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მთელი 2 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის მიემართა. მაგრამ უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის ფონზე და ქართველი ხალხის დიდი აქტიურობის ფონზე, მრავალათასიანი არაერთი დემონსტრაციის გამართვის შემდეგ, დღეს ხელისუფლება იძულებული გახდა მიხეილ სააკაშვილს ესარგებლა მისი კანონიერით უფლებით, წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე და ახლა ჩვენ უკვე ველოდებით სასამართლო პროცესზე სააკაშვილის გამოსვლას. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ვინაიდან ეს პროცესი არ არის – „რაღაც ბრალდება წარუდგინეს ადამიანს და უნდა ჩარიხინდეს ისე, რომ საზოგადოება არ იყოს ცოცხალ რეჟიმში ინფორმირებული“, ეს არის პროცესი, რომელზეც არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და არსებობს პრეცედენტები, როდესაც „ლაივ“ რეჟიმში გადაიცემა ხოლმე პროცესები და ეს სხდომაც უნდა იქნას გადაცემული, იმიტომ, რომ საზოგადოებას აინტერესებს,“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დედა, გიული ალასანია ცოტა ხნის წინ შეუშვეს
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე და გიული ალასანია სასამართლოში შესვლის ნებართვას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.
ამასთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციას მიმართა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, რომ მათ უზრუნველეყოთ, დაცვის მხარეს პროცესზე შესვლის საშუალება ჰქონოდა. ამ მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ, რამდენიმე წუთში, ადვოკატებსა და ბრალდებულის დედას სასამართლოში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მედიასაშუალებების მხრიდან დასწრების ნებართვა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება.
ცნობისთვის, დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება. თუ კი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვას დათანხმდება, ბრალდების მხარე ამისთვისაც მზად არის. მესამე პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს.
უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, მას დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.