მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში 28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვა დაიწყო. საქმეები მორიგე მოსამართლეებს: კობა ჩაგუნავასა და ზვიად ცეკვავას დაეწერათ.

პოლიციამ დაკავებულების სასამართლოში მიყვანა დაახლოებით 14:00 საათისთვის დაიწყო. მათ ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები იცავენ. მედიის თქმკით, დღეს 29 დაკავებულის საქმე განიხილება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არა აქვს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ დაკავებულებმა სამართალდარღვევა ჩაიდინეს. შსს-ს მოწმეები, არა დაკავების შემსწრე ნეიტრალური ადამიანები, არამედ ამავე უწყების თანამშრომლები – პოლიციელები არიან.

„სასამართლო იქცა სადამსჯელო მექანიზმად. ამ დროს სასამართლო სჭირდებათ მუხტის შესაკავებლად რეპრესიების გასატარებლად“, – ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

ამასთან სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 28-30 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეო კადრების საფუძველზე, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

სამსახური, ცხელის ხაზის მეშვეობით, სახალხო დამცველის აპარატიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 24 საათის განმავლობაში იღებს შეტყობინებებს, რასთან დაკავშირებითაც ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების შესწავლის საგანს, ასევე, წარმოადგენს მედიასაშუალებებით გასული ძალის გადამეტების ინდივიდუალური შემთხვევები.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სწავლობენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მედიით გასულ ყველა კადრს და ეპიზოდს, ხვდებიან დაკავებულ პირებს, იზოლატორებსა და საგამოძიებო სამსახურში ტარდება გამოკითხვები, დაშავებულ აქციის მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს უტარდებათ და ჩაუტარდებათ სამედიცინო ექსპერტიზები, მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებიდან დოკუმენტაციის გამოთხოვა“,- ნათქვამია განცხადებაში.

28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ პარლამენტთან გამართული აქციის 43 მონაწილე დააკავა, მათ შორის ჟურნალისტები. მათგან რამდენიმე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება არ შეუწყვეტიათ.

პოლიციამ 107 ადამიანი დააკავა 29-30 ნოემბრის ღამეს. თუმცა მათი საქმეები ჯერ სასამართლოსთვის არ გაუგზავნიათ. შსს-ს ამისთვის 48-საათიანი დრო აქვს – ამ დროს დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში – პატიმრობაში ატარებენ.

28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე მოლაპარაკებებს აჩერებენ 2028 წლამდე.

აქციების დასაშლელად პოლიცია იყენებს წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის. დემონსტრანტებზე პოლიცია დაკავების დროს ძალადობს. აქციის მონაწილეები აქციების დაშლაში მონაწილე პოლიციელებს საღებავებსა და სხვადასხვა ნივთებს ესვრიან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვნახეთ პოლიციის „ცალკეული ინციდენტები“ და მომიტინგეების „სისტემური ძალადობა“.

მსგავსი პოსტები

Back to top button