თბილისის ზოოპარკში სროლის ხმა ისმის
“თბილისის ზოოპარკში სროლის ხმა ისმის, სროლა ხდება ცხოველების დაძინების მიზნით,მდინარე ვერეს ტერიტორიაზე, ე.წ. ახალ გზაზე მდებარე კორპუსების ევაკუაცია მიდინარეობს.”
მაშველები მოსახლეობას სახლების დაცლისკენ მოუწოდებენ, რადგან ამ წუთებში საშიშროებაა, რომ ადიდებული მდინარე სახლებს საძირკველს გამოაცლის და დაინგრევა. ამ კორპუსების წინ მდებარე გარაჟები რამდენიმე წუთის წინ ჩამოინგრა. – ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კი ამბობს, რომ ე.წ. ახალ გზაზე მდებარე გვირაბი დატბორილია და წყალი უკვე გზებზე გადავიდა. მაშველები ცდილობენ, რომ წყალი გვირაბში გაატარონ, რათა გზებზე გაიწმინდოს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ვერეს ხეობიდან მაშველებმა რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს.
დედაქალაქის მერის თქმით, ვერეს ხეობაში მოვარდნილი წყლის გამო, რამდენიმე ადამიანი იყო ჩარჩენილი და სამაშველო სამსახურმა ისინი გამოიყვანა.
ნარმანიას თქმით, მაშველებმა სამი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია. ისინი თავს კარგად გრძნობენ და როგორც მისთვის არის ცნობილი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ.
ნარმანიას თქმით, ერთ-ერთ სავაჭრო მაღაზიაში არის რამდენიმე ადამიანი და მათ შორის ბავშვი. მერის განცხადებით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გავიდნენ.