თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა კრწანისის მე-7 და გლდანის 21-ე ოლქებშია
დედაქალაქში არჩევნების მეორე ტური 18 საარჩევნო მაჟორიტარული ოლქი ტარდება.
12 საათის მონაცემებით ყველაზე აქტიური კრწანისის #7 მაჟორიტარული ოლქია. 47 334 ამომრჩევლიდან 5411-მა უვე გააკეთა არჩევანი, რაც საერთო რაოდენობის 11,4%-ია.
ამ ოლქში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი აბესაძე და „ქართული ოცნებიდან“ ბექა ოდიშარია უპირისპირდებიან.
ასევე, აქტიურია გლდანის #21 მაჟორიტარული ოლქი, უბნებზე მისულია რეგისტრირებული ამომრჩევლის 10,2%. არჩევანის გაკეთება ამომრჩეველს „ქართული ოცნებიდან“ ლევან კობიაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ სერგო რატიანს შორის უწევთ.
ნაძალადევის #18 ოლქში აქტივობა 10,1% შეადგენს. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა გუგეშაშვილი უპირისპირდებიან.
მთაწმინდის #1 – 10%-იანი აქტივობაა, სადაც მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკოლოზ რურუა იყრიან კენჭს.
რაც შეეხება თბილისის ყველაზე პასიურ მაჟროიტარულ ოლქს, ისნის #9 უბანია, სადაც რეგისტრირებული 44 758 ამომრჩევლიდან 12.00 საათისთვის მხოლოდ 7,9%-მა მისცა ხმა, რაც 3515 ამომრჩეველია. ისნის ამ ოლქში “ქართული ოცნებიდან“ კენჭს დავით ჭიჭიანძე იყრის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი – ბესიკ კვიციანი.