თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მორიგი საპროტესტო აქცია იმართება სატელევიზიო ეთერის მოთხოვნით

თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მორიგი საპროტესტო აქცია იმართება სატელევიზიო ეთერის მოთხოვნით. „თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ – ამ მოწოდებით ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის, მზია ამაღლობელის, ასევე პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
“თავისუფლება მზიას”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას “მთისამბების” რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს თინათინ ბერძენიშვილს მიმართა:
“ეთერს ვითხოვთ დღესვე და ახლა. რამდენიმე ადამიანი, ჩვენი ორი კოლეგის მონაწილეობით შეიყვანონ სტუდიაში და მისცენ ეთერი მზია ამაღლობელის უკანონოდ დატყვევების საქმეზე, რათა მოუყვნენ ხალხს ის, რასაც ისინი სრულყოფილად არ უყვებიან საზოგადოებას. ჩვენ აქ ვართ შეკრებილები მზიას კოლეგები, ჟურნალისტები. გვინდა ვთქვათ, რომ არ ვაპირებთ აქედან წასვლას ეთერის გარეშე”.
“მივიღეთ თანხმობა, რომ შესაძლებელია შედგეს მოლაპარაკება პირდაპირი ეთერის დათმობის შესახებ” – საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა “მოამბის” პროდიუსერთან მოლაპარაკების შემდეგ განცხადება გააკეთეს.
“ვთხოვეთ, 10 წუთით მაინც დაეთმოთ ეთერი – პასუხი იყო, რომ დღეს არაა შესაძლებელი, მაგრამ თანხმობაა, რომ თუ ხვალ დავუკავშირდებით, შესაძლებელია მოლაპარაკება შედგეს”, – განაცხადეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე.
მოგვიანებით, მედიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ მსვლელობით გადაინაცვლებენ და დიდ აქციას შეუერთდებიან, სადაც მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი უკვე 51-ე დღეა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს მას ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან. ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს.