მნიშვნელოვანისიახლეები

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში

უკრაინის საელჩოსთან ქვეყნის მხარდამჭერი აქცია იმართება. ადგილზე მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები ამბობენ რომ საქართველოსა და უკრაინის ერთი მტერი ჰყავს, ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველომ მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადოს.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საელჩოს წარმომადგენელმა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა სირცხვილია. მანამდე ორგანიზაციამ უკრაინის საელჩოსადმი ღია წერილიც გაავრცელა, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთის პოტენციური აგრესიის წინაშე მყოფი მეზობელი ქვეყნისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე ხელშესახები მხარდაჭერა არ ჩანს.

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით.

თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება.

ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს.

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია.

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ 21 იანვარს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ჟენევაში შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი და აშშ თავიანთ განსხვავებებს შეხვედრებით გადაჭრიან, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები დიპლომატიურ გზას გაუყვებიან და საკითხს მშვიდობიანად გადაწყვეტენ.

გარდა ამისა ბლინკენის თქმით ის ლავროვს მომდევნო მოლაპარაკებების შესახებაც შეუთანხმდა.

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმაც თქვა, რომ როგორც ბლინკენს შეუთანხმდა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ამერიკული მხარე მათ წერილობით პასუხს შემდგომში გასცემს.

22 იანვარს აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. შემოწირულობა მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. დახმარების ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია.

ასევე აქციის მონაწილეებმა ადგილზე უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები გააჟღერეს და ორივე ქვეყნის დროშები გაშალეს, ასევე მიიტანეს ბანერები წარწერით ,,უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე”, ,,დიდება უკრაინას”, ,,არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში” და სხვა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა ფარულავას განცხადებით, როდესაც საქართველო-უკრაინის საკითხი საერთაშორისო დონეზე ერთად წყდება, ქართული ხელისუფლების დუმილი არის ,,ანტისახელმწიფოებრივი და ეწინააღმდეგება საქართველოს მომავალ უსაფრთხოებას”.

,,ეს არის სოლიდარობის აქცია ჩვენი ისტორიული მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რომელიც იმავე გამოწვევების წინაშე დგას როგორშიც იდგა 2008 წელს საქართველო. როდესაც საქართველო-უკრაინის საკითხი ერთად წყდება საერთაშორისო დონეზე, ქართული ხელისუფლების დუმილი არის ანტისახელმწიფოებრივი და ეწინააღმდეგება საქართველოს მომავალ უსაფრთხოებას. ყველაფერი ეს ჯდება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.

საელჩოსთან შეკრებილები იყვნენ უკრაინის და ბელორუსის მოქალაქეებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button