თელაველი ახალგაზრდების ჯგუფი 9 აპრილის მემორიალთან ყოველწლიურად ათენებს

“ათი წელია, 9 აპრილის ღამე რომ დგება აქ მოვდივართ და დილამდე ვრჩებით”- თელაველი ახალგაზრდების ჯგუფი 9 აპრილის მემორიალთან ყოველწლიურად ათენებს.
უკვე ათი წელია, ახალგაზრდების ჯგუფი, 9 აპრილის ღამის დადგომისთანავე, თელავში, გმირების მემორიალთან მიდის და თბილისში მომხდარი დარბევის საათამდე, იქ რჩება.
ტრადიციას ერთ-ერთმა თელაველმა, არჩილ მჭედლიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.
ახალგაზრდები, რომელთა შორის, სხვადასხვა პროფესიის, შეხედულებისა და საქმაინობის სფეროს წარმომადგენლები არიან, საქართველოს ისტორიაზე, ეროვნული მოძრაობის დროს თელავში მიმდინარე პროცესებზე, მთელი ღამის განმავლობაში საუბრობენ.
” ჩვენ პატარები ვიყავით, როცა თბილისში, ეს ტრაგედია და ამავდროულად, საოცარი გმირობის ამბავი მოხდა. როცა წამოვიზარდეთ, ყოველ 9 აპრილს, თბილისში ჩავდიოდით. აჩიკოს ინიციატივა იყო, რომ დავამკვიდროთ ტრადიცია თელავში და აქ, 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალთან, ყოველწლიურად, იმ დრომდე დავრჩეთ, როცა თბილისში ხალხი დაარბიეს. უკვე ათი წელია, არცერთი ჩავარდნა არ გვქონია. რაც ყველაზე სასიხარულოა, ყოველწლიურად გვიერთდებიან ახალგაზრდები. ახლა ცოტა ადრეა, ბევრი მოვა, კიდევ”- ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნიკა შარვაშიძე.
ახალგაზრდებმა მემორიალთან 9 აპრილს გარდაცვლილი მოქალაქეების ფოტოები გამოაკრეს, ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს.
9 აპრილის გმირებს შორის, კახეთიდან 22 წლის ლაგოდეხელი, მამუკა ნოზაძე და 35 წლის თელაველი, შალვა ქვასროლიაშვილი არიან.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის ქუჩაზე მყოფი ათიათასობით დემონსტრანტი დაარბია, ორლესული ნიჩბებით დაჩეხა და მომწამვლელი გაზი მიასხა.
დარბევის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.