რეგიონი

თელავის ბიუჯეტით თანხის გამოყოფაზე უსინათლოებს , უარი უთხრეს

პირველი ჯგუფის უსინათლოებს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით თანხის გამოყოფაზე, უარი უთხრეს.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კახეთის ფილიალი 2022 წლის ბიუჯეტში, პირველი ჯგუფის 20 უსინათლო პირისათვის, თვეში 100 ლარიანი დახმარების გათვალისწინებას ითხოვდა.

ფილიალის ახალი ხელმძღვანელი, მაგდა ბეჟანიშვილი რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობს, რომ თანხას სოციალურად მძიმე მგომარეობაში მყოფი პირებისთვის იყო საჭირო.

” თანხას ვითხოვდით სოციალურად მძიმე პირობებში მყოფი პირველი ჯგუფის უსინთლოებისათვის. წერილობითი მოთხოვნა არ შეგვიტანია. მქონდა ზეპირი კომუნიკაცია, ამავდროულად, ვესწრებოდი საკრებულოში კომისიების სხდომებს და ახლა მიღებული გვაქვს დაპირება, რომ ათი იანვრის შემდეგ, იმსჯელებენ გასული წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთის გადანაწილებაზე და შესაძლოა, ჩვენი მოთხოვნაც დაკმაყოფილდეს”–განაცხადა ბეჟანიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ბადური რევაზიშვილი ამბობს, რომ ახალ ბიუჯეტში უსინათლო პირებისათვის თანხის გათვალისწინება შესაძლებელი იყო.

” ჩემი ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენელს ჰქონდა კომუნიკაცია მერიის წარმომადგენლებთან და უთხრეს, რომ თანხა არ არის. ჩვენ წამოვწიეთ ეს საკითხი და მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ წინა წლის ბიუჯეტის ნაშთიდან თანხის გამოყოფა შესაძლებელია და ამაზე მსჯელობა იქნება. მე ვფიქრობ, რომ სახელფასო ფონდის მილიონ ორასი ათასით მატების ფონზე, უსინათლოებისათვის წელიწადში 24 ათასი ლარის გათვალისწინება შესაძლებელი იყო.”- თქვა რევაზიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, სოციალურ საკითხებში, ფიქრია ყუშიტაშვილს, რადიო ჰერეთმა, უსინათლოებთან დაკავშირებით, კითხვა პრესსამსახურის მეშვეობით დაუსვა.

განმარტება, რატომ არ გაითვალისწინეს ახალ ბიუჯეტში უსინათლოთა კავშირის მიერ მოთხოვნილი თანხა, მერის მოადგილემ, რამდენიმე საათიანი ლოდინის მიუხედავად, არ გააკეთა.

დღევანდელი მდგომარეობით, უსინათლოთა კავშირს, რეგიონის მასშტაბით, 70 უსინათლო ჰყავს აღრიცხვაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button