მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის ერთ-ერთ სასაფლაოზე არასწორი ისტორიული ფაქტების შემცველი ქართულ- რუსული ბანერი დაამონტაჟეს

თელავის ერთ-ერთ სასაფლაოზე არასწორი ისტორიული ფაქტების შემცველი ქართულ- რუსული ბანერი დაამონტაჟეს.

ბანერი მეორე მსოფლიო ომში დაჭრილი და გარდაცვლილი თელაველების შესახებ მცდარ ინფორმაციას, რუსულ ენაზე ნათარგმნ ტექტს და საბჭოთა სიმბოლიკას შეიცავს.

წარწერა ბანერზე, მეორე მსოფლიო ომს “სამამულო ომს” უწოდებს, თუმცა ომში მიღებული ჭრილობებით გარდაცვლილი პირების ვინაობას ვერ აკონკრეტებს.

იგივეა ნათქვამი, რუსულად ნათარგმნ ტექსტშიც.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბადურ რევაზიშვილი ამბობს, რომ ისტორიის გაყალბება რუსული იდეოლოგიის ნაწილია და ბანერი მიზანმიმართულად დადგეს.

” სულაც არ მიკვირს, რადგან ეს იდეოლოგიური ომის ნაწილია. ვიღაცა წავიდა, ამაში ფული დახარჯა, გამოდის, აქვს შესაბამისი დაფინანსება. ასეთი ბანერი რომ განთავსდეს, მერიამ ნებართვა უნდა გასცეს. ასე მარტივად საკითხი არ დგას, რადგან ისტორიული ფაქტები შესაბამისი წყაროებით უნდა დასტურდებოდეს. თუ უნებართვოა, მაშინ ზედამხედველობის სამსახურმა უნდა დააჯარიმოს”- განაცხადა რევაზიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ ბანერის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ და მაშ შემდეგ, რაც ჰერეთმა კითხვა დასვა, მისი დემონტაჟი დაიწყეს.

” გავარკვიეთ, რომ ბანერი დადგა კერძო პირმა და ზედამხედველობის სამსახური ამაზე მუშაობს. ჩვენთვის ეს ფაქტი უცნობია და მადლობა, რომ მოგვაწოდეთ ინფორმაცია”- განმარტეს მერიაში.

ვინ არის კერძო პირი, ვინც ნებართვის გარეშე ყალბი ისტორიული ფაქტების ამსახველი ბანერი დაამონტაჟა და დაჯარიმდა თუ არა ის, მერიაში არ დაუკონკრეტებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button