მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ კოლონიის ხელმძღვანელებს სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა

ბრიტანეთმა 21 თებერვალს სანქციები დაუწესა რუსეთში, არქტიკაში მდებარე იმ ციხის დირექციის ექვს წარმომადგენელს, რომელშიც კრემლის ოპონენტი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ნავალნის სიკვდილის შესახებ ცნობა 16 თებერვალს გავრცელდა.

სანქციები დაუწესეს ციხის დირექტორს, პოლკოვნიკ ვადიმ კალინინს და მის ხუთ მოადგილეს – მათ აეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა, გაიყინება მათი ქონება, აცხადებს ბრიტანეთი.
“ნათელია, რომ რუსეთის მთავრობა ნავალნის ხედავდა, როგორც საფრთხეს და მათ რამდენჯერმე სცადეს მისი გაჩერება. ФСБ-ს აგენტებმა ის “ნოვიჩოკით” 2020 წელს მოწამლეს, მოგვიანებით კი დააპატიმრეს მშვიდობიანი საპროტესტო ქმედებების გამო და არქტიკულ ზონაში მდებარე კოლონიაში გადაიყვანეს”, – წერს ბრიტანეთის საგარეო.
პოლკოვნიკი ვადიმ კალინინი – გამოსასწორებელი კოლონიის ხელმძღვანელი
პოდპოლკოვნიკი სერგეი კორჟოვი – მოადგილე
პოდპოლკოვნიკი ვასილი ვიდრინი – მოადგილე
პოდპოლკოვნიკი ვლადიმირ პილიპიჩკინი – მოადგილე
პოდპოლკოვნიკი ალექსანდრ გოლიაკოვი – მოადგილე
პოლკოვნიკი ალექსანდრ ობრაზცოვი – მოადგილე
ალექსეი ნავალნის სიკვდილში დასავლელი ლიდერები რუსეთის ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ.
“ნავალნიმ იტანჯა სამედიცინო მკურნალობის უარყოფისგან, ასევე იძულებისგან ეარა მინუს 32C ამინდში, ციხეში ყოფნის დროს” – წერია განცხადებაში. “მათ, ვინც პასუხს აგებენ ნავალნის სასტიკ მოპყრობაზე, ილუზიები არ უნდა ჰქონდეთ – ჩვენ დავაყენებთ მათი ანგარიშვალდებულების საკითხს” – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი.
ბრიტანეთის მთავრობა ასევე ითხოვს ალექსე ნავალნის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემას მისი ოჯახისთვის, ამასთან, გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას. მათი გზავნილი ეხმიანება ნავალნის დედის განცხადებას, რომ შვილის ცხედრის გადაცემაზე უარს ეუბნებიან.

რუსეთში ამბობენ, რომ ოჯახს ცხედარი ორ კვირაში მიიღებს.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 23 თებერვალს გამოაცხადებს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

პრეზიდენტს სანქციების დეტალები არ დაუკონკრეტებია და დაამატა, რომ მათ შესახებ ვრცლად 23 თებერვალს ისაუბრებს.

სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩევლის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადდება სანქციების “დიდი პაკეტი”, რომელიც კრემლს “დააკისრებს პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც ნავალნის მოუვიდა.”

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონს რუსეთი მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავს, რათა სრულიად გამჭვირვალე იყოს, თუ როგორ გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი.

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ნავალნი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მათივე მტკიცებით, ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის დამატებით 19 წელი მიუსაჯეს.

თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა. ეტაპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ის უკვე ახალ კოლონიაშია.

N3 კოლონიაში, რომელსაც “პოლარულ მგელსაც” უწოდებენ და სადაც ნავალნი იყო მოთავსებული, სასჯელს იხდიდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი. აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button