რეგიონი

თელავის მერია 5 ახალი მანქანის შესაძენად, 255 ათას ლარს დახარჯავს

თელავის მუნიციპალიტეტის მერია 5 ახალი მანქანის შესაძენად, 255 ათას ლარს დახარჯავს.
ავტომანქანების შესყიდვისათვის შესაბამისი ცვლილება ადგილობრივ ბიუჯეტში, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 28 თებერვალს დაამტკიცა.

5 ახალი ავტომობილის შესყიდვა, კონსოლიდირებული ტენდერით განხორციელდება, ხოლო მერიის ავტოპარკში არსებული მანქანები, შესაბამისი შეფასების შემდეგ, გაიყიდება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობენ, რომ შესყიდვა დაუსაბუთებელია.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბადურ რევაზიშვილი განმარტავს, რომ ავტომობილების შესყიდვის აუცილებლობაზე, მერიას არგუმენტები არ წარუდგენია და საკითხის მიჩქმალვას ცდილობდა.

” პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ შესყიდვა დაუსაბუთებელია. მერიამ არ წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვა, ახალი ავტომობილების შეძენა უფრო იაფი ჯდება, თუ ძველის შენახვა. ან რატომ ზრუნავენ პირადი კომფორტის მოწყობაზე, მაშინ, როცა ამდენი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მაგალითად, უსინათლო პირებს 24 ათასი ლარის გამოყოფაზე უარი უთხრეს. მერია მაქსიმალურად ცდილობდა, საკრებულოს სხდომაზე, საკითხი გაეპარებინა და მიეჩქმალა. გარდა ამისა, წინასწარ, ტენდერის დასრულებამდე დასახელდა კომპანია, ვისგანაც ავტომობილები უნდა შეიძინონ. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ამ შესყიდვაში, ყველაფერი რიგზე არ არის და ჩინოვნიკებისათვის კომფორტის შექმნას ემსახურება”- განაცხადა რევაზიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ოპონენტებს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ავტომობილები, სამსახურების გამართული და ეფექტური ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. თელავის მერმა, შესყიდვის აუცილებლობაზე, ვრცელი კომენტარი გააკეთა.

” ძალიან ცუდია, როცა საკრებულოს წევრები, შეკითხვებს მედიის გავლით ალაგებენ. ჩვენი კარი მუდამ ღიაა და შეუძლიათ, ნებისმიერი რამ იკითხონ. რაც შეეხება, დასაბუთებას, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მანქანებს არ ვყიდულობთ თანამდებობის პირებისათვის. რამდენიმე საკვანძო სამსახურის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის, ხუთი რენო დასტერის შეძენას ვაპირებთ. მაგალითად, საუბარია, ზედამხედველობის, სამხედრო აღრიცხვის, სოციალური და ინფრასტრუქტურის სამსახურებზე, რომლებსაც მუდმივად მოძრაობა და გადაადგილება სჭირდებათ. ჩვენი ავტომობილები არის ამორტიზებული, მწყობრიდან გამოსული, რამდენიმემ ორჯერ ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება, ერთ- ერთს ცეცხლიც კი გაუჩნდა. ორი მიკროავტობუსი გვაქვს, რომლების ნაწილებიც კი არ იშოვება. არის შემთხვევები, როცა რემონტის ჩატარება, საკუთარი სახსრებით გვიწევს. საკრებულოს პირველივე სხდომაზე განვაცხადე, რომ ავტოპარკის განახლებას ვაპირებდი, ასე რომ დამალული არაფერი ყოფილა და ეს საკრებულოს წევრებმა კარგად იცოდნენ. შესყიდვა განხორცილედება კონსოლიდირებული ტენდერით, მოთხოვნა გაგზავნილი გვქონდა. ვიმეორებ, მანქანებს არ ვყიდულობთ თანამდებობის პირებისთვის, მათ შორის, არც ჩემთვის.ძველ ავტომობილებს კი, შევაფასებთ, გავიტანთ აუქციონზე და გარკვეულ შემოსავალს მივიღებთ”- განაცხადა ანდრიაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, თელავის მერიას ავტოპარკში 16 ავტომობილი ერიცხება, რომლებიც მერიის სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირებზეა განპირობებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button