მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტზე 50 თეთრით მეტ საფასურს ითხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტზე 50 თეთრით მეტ საფასურს ითხოვს.
მერიის ახალი გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასური, თავდაპირველად მოთხოვნილი 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარით უნდა განისაზღვროს.

შესაბამისი მოთხოვნა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, სადაც ტრანსპორტის ტარიფებზე, დღეს კომისიებში მსჯელობდნენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო აიპის ხელმძღვანელი, ვანო იორდანიშვილი ამბობს, რომ ტარიფის დადგენის შემდეგ, ავტობუსების მგზავრების რაოდენობა შემცირდება.
“ახლა უფასოა და დღეში დაახლოებით 3 ათასი მგზავრი გადაგვყავს.ტარიფი რომ დაწესდება, ბუნებრივია, რაოდენობა შემცირდება. გარდა ამისა, სატრანსპორტო სფეროში კონკურენცია ბუნებრივი ამბავია და ალბათ, კერძო სექტორი შეგვეჯიბრება. მეორეს მხრივ, ეს ავტობუსები სუბსიდიაზეა და საწვავის ხარჯის გარდა, ათასი პრობლემა არსებობს კიდევ. ამიტომ საკრებულოს გადაწყვეტილებას ველოდებით. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები იქნება”- ამბობს იორდანიშვილი.

საკრებულოს დეპუტატი ” ქართული ოცნებიდან” ლევან ბერძენაშვილი თვლის, რომ ტარიფის დადგენა აუცილებელია, თუმცა ისე, რომ ფასი ყველასთვის მისაღები იყოს.
“მერია 50 თეთრს ითხოვდა დასაწყისში. შემდეგ გავაზავნეთ რეკომენდაცია, რომ საწვავზე ფასების ზრდის გამო, კიდევ ემსჯელათ და ახალი მოთხოვნა შემოვიდა ერთ ლარზე. თუმცა, გაფართოვდა იმ ადამიანების წრე, ვინც შეღავათებით ისარგებლებს და განახევრებულ ფასს გადაიხდის. ჩვენ ვვარაუდობთ 80 თეთრს, რაც მისაღები უნდა იყოს. გაანგარიშებული თანხის ნახევარიც რომ ამოიღონ, სუბსიდია მაინც დასჭირდება. კერძო სექტორის მხრიდან კონკურენციაც გასათვალისწინებელია”-ამბობს ბერძენაშვილი.

საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიგი გიგიტელაშვილი ფიქრობს, რომ საწვავის ფასების მატების ფონზე, მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი გონივრულად უნდა დადგინდეს.
” მიდის მსჯელობა 80 თეთრზე, თუმცა ვიცით, რომ არიან ადამიანები, ვინც ამასაც ვერ გადაიხდიან, რაც არუნდა შეღავათების მიმღებთა წრე გავზარდოთ. ავტობუსებს სუბსიდია მაინც დასჭირდებათ. ასეთი ადამიანების არსებობა , ვისაც 80 თეთრის გადახდის უნარი არ აქვს, არის ცენტრალური ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი”-ამბობს გიგიტელაშვილი.

თელავში მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის ტარიფის დაწესების შესახებ საუბარი, უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო.
მერიამ თავდაპირველად მგზავრობის საფასურად 50 თეთრი ითხოვა, ხოლო შეღავათების მიმღებ ჯგუფებად, მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირები და 10 წლამდე ასაკის ბავშვები დაასახელა.

მუნიციპალური ავტობუსები ქალაქში, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოჩნდა, თუმცა მგზავრების გადაყვანა 2021 წლის თებერვალში დაიწყო.

მგზავრობა ავტობუსით დღემდე უფასოა, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტი ტრანსპორტით მომსახურებას 600 000 ლარით ასუბსიდირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button