მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საბოლოო საფასურს ვერ ადგენს

თელავის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საბოლოო საფასურს ვერ ადგენს.
საკითხი მუნიციპალურ ავტობუსებზე ფასის დაწესების შესახებ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას უკან დაუბრუნა და ადმინისტრაციული წარმოება გააგრძელა.

საკრებულოს დეპუტატები ” ქართული ოცნებიდან” თვლიან, რომ ტარიფის საკითხი კიდევ უნდა დაზუსტდეს, თუმცა ადასტურებენ, რომ მერიას სათანადო კვლევა ამ საკითხზე არ ჩაუტარებია.

” ტარიფზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. დაზუსტდეს, რამხელა ნაკადი შენარჩუნდება ფასის დაწესების შემდეგ, როგორი იქნება შეღავათები. კვლევა არ არის გაკეთებული, თუმცა მოწვეული იყო საკრებულოზე შესაბამისი აიპის ხელმძღვანელი. ეს ავტობუსები მაინც სუბსიდიაზე დარჩებიან, რადგან მათი შენახვა წელიწადში ერთ მილიონამდე ჯდება და რაც არ უნდა საფასური დაწესდეს, საკუთარ თავს ეს ავტობუსები ვერ შეინახავს. თელავი პატარა ქალაქია, ამიტომ ვვარაუდობ, რომ 400 ათასამდე თანხის ამოღებას შეძლებენ, დანარჩენი სუბსიდიის საკითხია. მერიას მაისის ბოლომდე აქვს ვადა და უნდა იმუშაოს”- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე შათირიშვილმა.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ამბობენ, რომ საკითხი მოუმზადებელი და ჰიპოთეტურ დასკვნებზეა დამყარებული.

დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიგი გიგიტელაშვილი ამბობს, რომ მერიამ საკითხი საკრებულოში ისე შეიტანა, რომ კვლევა არ ჩაუტარებია.
” საკრებულოზე მოჰყავთ სატრანსპორტო აიპის ხელმძღვანელი, რომელდსც აქვს თავისი შეხედულება და ამის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება ძნელია. მერია, როგორც სპეციალისტებს, ეყრდნობა თავისი თანამშრომლების მოსაზრებებს. რამდენით შემცირდება ნაკადი, როგორი იქნება დღიური შემოსავალი, რას ეყოფა, კონკურენცია როგორ აისახება შემოსავალზე,როგორ უნდა მოხდეს შეღავათებით სარგებლობა და გადახდის საბარათე სისტემამ როგორ უნდა იმუშაოს, ამაზე კვლევა არ არსებობს. სწორედ ამიტომ იყო, რომ უმრავლესობის წევრებიც კი დარწმუნდნენ, რომ საკითხი მზად არ არის”- განაცხადა გიგიტელაშვილმა.

” მიმდინარეობს მსჯელობა და ვმუშაობთ”– მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლნენ თელავის მუნიციპლიტეტის მერიაში, რადიო ჰერეთის კითხვებზე.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტარიფის დაწესების გაჭიანურებულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა მერიის სატრანსპორტო აიპის ხელმძღვანელმა, ვანო იორდანიშვილმაც.

” იქნებ საკრებულოს ჰკითხოთ. მე ოპერირება მევალება და საფასურად ვერაფერს გეტყვით”– განაცხადა იორდანიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება რეგულარულ სამგზავრო ტრანსპორტზე ტარიფის დაწესების თაობაზე, 30 მარტს დაიწყო.

თელავის მერია მგზავრობის ღირებულებად 1 ლარის განსაზღვრას ითხოვდა, თუმცა საკრბულო 80 თეთრზე მსჯელობდა. დეპუტატები ასევე შეღავათებით მოსარგებლე ჯგუფის გაფართოებას ითხოვდნენ.
საბოლოოდ საკითხი მერიას დაუბრუნდა, რომელმას საკრებულოს ხელახლა მაისის ბოლომდე უნდა მიმართოს.

მუნიციპალური ავტობუსები თელავში 2021 წლის თებერვლიდან მუშაობს და მისი შენახვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600. 000 ლარია გამოყოფილი.
ავტობუსები ქალაქში 6 მარშრუტით მოძრაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button