თელავში 7 000 აბონენტს ბუნებრივი აირი11 თეთრით უძირდება
კომპანია “ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია” 2016 წლის 1 აპრილიდან თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის საფასურს 11 თეთრით გაუძვირებს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
კომპანიამ აბონენტებს ტარიფის ცვლილება საინფორმაციო ქვითრების საშუალებით უკვე აცნობა. მოსახლეობის თქმით, ბუნებრივი აირის გაძვირება მათზე ცუდად აისახება და ისინი გადასახადის გადახდას ვეღარ შეძლებენ.
“ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიაში” აირზე ტარიფის გაზრდას ადასტურებენ. კომპანიის გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორ დავით ჯირმიზაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებმაც ბუნებრივი აირი სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. მისივე თქმით, კომპანიის გადაწყვეტილებით, ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 48-დან 59 თეთრამდე გაძვირდება.
დავით ჯირმიზაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტარიფს არ გაზრდიდა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ყიდვა ვეღარ მოეხერხებინა.