მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში, არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი შემცირდა

თელავში, არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი შემცირდა.
მესამე დღეა, ერთი ლიტრი ბენზინის შესყიდვა მომხმარებელს, 10 თეთრით ნაკლებად, 3. 40 ლარად შეუძლია.
სადგურების მფლობელები რადიო ჰერეთთან ამბობენ, რომ საწვავის ფასის რეგულირებას თავად ვერ ახდენენ და მთლიანად მოწოდებელზე არიან დამოკიდებული.

” ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული იმაზე, რა ფასად შევისყიდით გასაყიდ საწვავს, ამის მიხედვით დგინდება ფასიც. ბოლო პერიოდში, იცით, რომ ღირებულება ბევრად გაიზარდა, ეს სამი დღეა, 10 თეთრით შემცირდა. ძალიან არასტაბილური ვითარებაა, რაც ჩვენს გაყიდვებზე აისახება, ძალიან ბევრი მომხმარებელი დავკარგეთ და ზოგადად, არც ჩვენ გვილხინს”- განაცხადა ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონემ.

საწვავის ფასის ზრდასთან ერთად გაიზარდა მგზავრობის საფასური, როგორც სოფლებიდან ადმინისტრაციული ცენტრის, ასევე თბილისის მიმართულებით. მძღოლები ამბობენ, რომ ფასის დაკორექტირებას, ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ.
“ფასს მაინც ვერ შევამცირებ. დღეს ასეა, ხვალ ისევ მოიმატებს. გარდა ამისა, მხოლოდ საწვავი ხომ არ არის, მანქანას ამორტიზაცია აქვს, საბურავი უნდა, ნაწილები უნდა, იცით რა ფასები დაადეს? ვმუშაობ, რომ მცირე შემოსავალი მქონდეს და სახლში რა მივიტანო. გაუსაძლისი ვითარებაა, ყველასთვის”- ამბობს სამარშრუტო ავტომანქანის მფლობელი, ზაურ ახალკაციშვილი.

ნავთობის იმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები, განმარტავენ, რომ საწვავზე ფასის ზრდა პანდემიის შემდგომი ეკონომიკის აღდგენისა და რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. ასევე, უდიდეს როლს, ფასის მატებაში ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურება თამაშობს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ვითარების პროგნოზირება რთულია, რადგან ევროპის ქვეყნებს რუსული ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე საბოლოო უარი ჯერ არ უთქვამთ, ხოლო ნავთობის დიდ მწარმოებელს, საუდის არაბეთს მოპოვება ჯერ არ გაუზრდია.

მსგავსი პოსტები

Back to top button