რეგიონისიახლეები

თელავში, დავითაშვილის ქუჩის მოსახლეობა გაჭიანურებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებს

ადგილობრივები ამბობენ, რომ თითქმის ორი თვეა, ქუჩა გადათხრილია და სამუშაოების დასრულება არ ხდება.

” ორი თვე იქნება, გადათხარეს, ასფალტის საფარი აყარეს და ამ დრომდე, საშველი არ არის. მტვერში ვიხრჩობით, მანქანებით ძლივს ვმოძრაობთ და ესენი კვირაში ერთხელ, ერთ ტრაქტორს მოიყვანენ, მერე იკარგებიან. ისიც კი თქვეს, კომპანიამ თანხა ამოწურა და გაიქცაო. ბოლოს და ბოლოს საშველი ხომ უნდა დაადგეს”- ამბობენ ქუჩის მცხოვრებლები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია არ ასრულებს.

” წყალგაყვანილობის სისტემებს აკეთებს მუნიციპალური განვითარების ფონდი და გზის გადათხრა, ბუნებრივია, მოუწევთ. კომპანია არსად გაქცეულა, ასრულებს შესაბამის სამუშაოებს. სანამ წყალგაყვანილობა არ დასრულდება, მანამდე ასფალტის დაგება როგორ მოხდება”- განაცხადეს მერიაში.

დაუსრულებელ სამუშაოებზე, გადათხრილი გზებსა და დისკომფორტზე ალაზნის გამზირის მოსახლეობაც ჩივის, თუმცა, თელავის მერიაში ამბობენ, რომ ქუჩებზე წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას ელოდებიან.

წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება თელავში რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა, პრობლემა დღემდე გადაწყვეტილი არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button