თელავში ლატვიის საპატიო საკონსულო გაიხსნა

თელავში ლატვიის საპატიო საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. როგორც ლატვიის საპატიო კონსულმა, მიხეილ ხუნდაძემ განაცხადა, საკონსულოს საქმიანობის ძირითადი მიზანი ორ ქვეყანას შორის ტურისტული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა.

“ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა იმით, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდება საქართველო და კახეთის რეგიონი ბალტიის ქვეყნებს. მოხდება ინფორმაციის გაცვლა ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. რაც მთავარია, დაინტერსებულ მხარეებს შეუძლიათ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივებზეც იზრუნონ”, -განაცხადა ლატვიის საპატიო კონსულმა კახეთის მხარეში, მიხეილ ხუნდაძემ.

კახეთის გუბერნატორის მოადგილის გივი მეტრეველის თქმით, ლატვიის საპატიო საკონსულოს გახსნა ისტორიულის გარდა სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებს.

“ლატვიის საპატიო საკონსულოს გახსნა თელავში ძალიან სიმბოლურად მიმაჩნია, იმიტომ, რომ ამ მშვენიერი პატარა კუთხიდან, სულ რაღაც 100 მეტრში, ისტორიულად მდებარეობს ჩვენი სახელოვანი მეფის, ერეკლე მეორის საელჩო დარბაზი, სადაც ის იღებდა სტუმრებს და ელჩებს. მე ვფიქრობ, რომ ამ პატარა და სულ ახალი დიპლომატიური კუთხის გახსნით, თელავში ერეკლე მეფის ქალაქი ძველ დიდებას და სახეს დაიბრუნებს”, – განაცხადა გივი მეტრეველმა.

თბილისისა და აჭარის შემდეგ, ეს საქართველოში რიგით მესამე საკონსულოა.

მსგავსი პოსტები

Back to top button