თელავში საკრებულოს შუალდური არჩევნები დაინიშნა
თელავის საკრებულოს შუალედური არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 11 სექტემბერს გამოაცხადა.
თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარებულიყო.
“საკრებულოს წევრს სოფელ კისისხევიდან, ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, მის მიმართ გამამტყუნებელი განჩენის ძალაში შესვლის გამო. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სოფელს დეპუტატი მაისში უნდა აერჩია. პანდემიის გამო, არჩევნები ვეღარ შედგა და კენჭისყრა 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდება.” – განაცხადა გაიპარაშვილმა რადიო ” ჰერეთთან”.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ზაქარია ყარასაშვილს უფლებამოსილება ვადამდე, 2019 წლის 4 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეუწყდა. გამამტყუნებელი განაჩენი ყარასაშვილის მიმართ, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დადგა, რომლის დროსაც ერთი პირი გარდაიცვალა.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის, პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს, განაცხადის გაკეთებისა და რეგისტრაციის უფლება უკვე აქვთ.