რეგიონი

თელავში სტიქიით დაზიანებული სახლების ნაწილი გადასახურია

თელავში სტიქიით დაზიანებული სახლების ნაწილი ისევ გადასახურია.
2021 წლის ზაფხულის სტიქიით დაზარალებული, სოფელ კურდღელაურში მცხოვრები ათამდე ოჯახი, დაზიანებული სახურავების შეკეთებას დღემდე ელოდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თვითმმართველობას დახმარება რამდენჯერმე სთხოვეს, თუმცა სახლები მხოლოდ ხელისუფლებისთვის სასურველ ოჯახებს გადაუხურეს.
კურდღელაურში ამბობენ, რომ პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით, ისეთი სახლებიც დახურეს, რომლებიც სიძველით იყო დაზიანებული.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მტკიცებით, დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას ხმების სანაცვლოდ დაპირდნენ.
” დაზარალებულებთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ჩავიდნენ და ხმების სანაცვლოდ დახმარებას დაპირდნენ. თუმცა, დანაპირები 4 თვის მერეც არ შესრულდა”- ამბობს საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიგი გიგიტელაშვილი.
თელავის ახლად არჩეული მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, ტენდერი, სახურავების სარემონტოდ, მის არჩევამდე ჩატარდა.

” ჩემი უფლებამოსილების ცნობამდე რა იყო, ამას ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ტენდერი ჩატარდა და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისი მხარდამჭერია, თუ სტიქიით დაზარალდა, უნდა გაკეთდეს. ამჯერად ინდივიდუალურად გადავამოწმებთ და თუ სადმე დაზარალებულების სიაშია მოქალაქე მოხვედრილი, სახურავების შეკეთება მოხდება. კანონის თანახმად, დახმარება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ოჯახი სტიქიით დაზარალდა. ახალ ბიუჯეტში, სტიქიით დაზარალებულებისათვის ჩვენ თანხა გავზარდეთ – განაცხადა ანდრიაშვილმა.

ზაფხულში მოსული სტიქიის შემდეგ, დაზიანებული ვენახების მეპატრონეებმა, თითო ჰექტარზე 3 ათასი ლარი მიიღეს, რისთვისაც მთავრობამ 3 მილიონი ლარი გამოყო.
დაზიანებული სახლის სახურავების შეკეთება კი, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, გურჯაანის, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button