მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“პრეზიდენტმა საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯა და ფეხქვეშ გათელა პრეზიდენტის ინსტიტუტი”-გამოხმაურებები გვარამიას განთავისუფლებაზე

პრეზიდენტმა თავის თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო, მისთვის მთავარია, რა დავალებას მიიღებს- არ გამიკვირდება, თუ საზოგადოების რეაქცია მწვავე იქნება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გამოეხმაურა.
მიქანაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება რეკომენდაციის შესრულებასთან არაფერ კავშირშია და პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„თქვენ ფიქრობთ, ამ შეწყალებით რეკომენდაცია შესრულდა?! ერთი წელია ვმუშაობთ ოპოზიციის ნაწილთან ერთად, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ეს საკითხი ამ პუნქტებთან არაფერ შუაშია, რადგან ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს. გაიხსენეთ, პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორ შეურაცხყოფდა, არ ვიცი მე რა გადააფასა, არადამაჯერებელია, რომ ასე უცებ რაღაცები გადააფასა. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი რადიკალიზმით გამოირჩევა და მისი შეწყალება არის პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმულო ნაბიჯი”, – განაცხადა მიქანაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა დაწვეს, ამას მან „საზოგადოების რეაქცია“ უწოდა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, არ გაუკვირდება, თუ რეაქცია უფრო მწვავე იქნება.
„არავის არავინ მიუგზავნია, ამის არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ. ეს არის საზოგადოების რეაქცია და არ გამიკვირდება თუ უფრო მწვავე იქნება საზოგადოების რეაქცია. გახსოვთ 26-27 მაისს გაკეთებულ განცხადებებს რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან და როგორ გახდა იძულებული რიტორიკა შეეცვალა, როცა ევროპარლამენტში გამოვიდა და უფრო მეტად ზომიერი და ორიენტირებული ყოფილიყო ქვეყნის ინტერესებზე. გუშინდელი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან. ზოგადად, ევროკავშირი ჩვენი პოლიტიკური მიზანია და ნებისმიერი ქმედება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ ჩვენი მხრიდან ვერ იქნება მხარდაჭერილი და მოწონებული, მაგრამ კონკრეტულმა ადამიანმა რა პოზიცია გამოთქვა და ამის დაკავშირება „ქართულ ოცნებასთან“ არის აბსოლუტურად მიუღებელი”, – განაცხადა მიქანაძემ.

“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ შეცდომას უწოდებს.
მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობა პრეზიდენტისკენ გადამისამართდა.
“ზურაბიშვილმა რამდენიმე მიმართულებით დაუშვა შეცდომა. პირველი ის, რომ ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, აღიარა რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის თავის თავს არ ეკუთვნის და უცხოური ძალების გავლენის ქვეშ იმყოფება. შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, იმიტომ რომ არც ახსნა ამის მოტივაციები, თუმცა, ვერც ახსნიდა. მან ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, შეიზილა ყველა ის ნეგატიური განწყობა, რაც კი საზოგადოებას აქვს ნიკა გვარამიას მიმართ. მან თქვა, რომ დღეიდან ის არის ნიკა გვარამია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქამდე ნიკა გვარამიას გადადგმული ნაბიჯები და ამის შემდეგაც, მან თავის თავზე აიღო და ამ ტვირთს როგორ გაუძლებს, ამას ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტვირთია. იმაზე უფრო დიდი ტვირთია, ვიდრე თავად გვარამიას აქვს, რადგან ნიკა გვარამიობა არაა ადვილი, მაგრამ სალომე გვარამია რომ იყო, ეს ნამდვილად ძნელია,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მთავარი რიტორიკული კითხვაა – ამ ამბის შემდეგ არსებითად გავხდით თუ არა უკეთესი ქვეყანა, პოლიტიკურად დავუახლოვდით თუ არა ჩვენს დასავლურ იდენტობასა და მომავალს. პასუხი არის „არა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნიკა გვარამიას გათავისუფლება დაგვიანებული, თუმცა სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში ქვეყანა თავისუფალი მაინც არ არის.
„ძალიან კარგია, რომ ნიკა გვარამია თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა თავისუფალი არ არის მანამ, სანამ მას ბიძინა ივანიშვილი მართავს. ეს ამ ამბის მოკლე შეფასებაა. მე მინდა ნიკა გვარამიას, მის ახლობლებს, ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად საზოგადოებას, ვინც ამ უმძიმეს პრობლემას ადეკვატურად აფასებდა, მივულოცო გათავისუფლება. ასეთ ვითარებაში ემოციებიც სრულიად გასაგებია. ნიკა გვარამიას საქმე, ივანიშვილის რეჟიმითაც კი, პოლიტიკურ საქმეებს შორის ყველაზე უტიფარი იყო.ამის ფონზე ჩვენ სიტუაციის საღი შეფასება არ უნდა დავკარგოთ. ჩემი მხრიდან, მთავარი რიტორიკული კითხვაა – ამ ამბის შემდეგ არსებითად გავხდით თუ არა უკეთესი ქვეყანა, პოლიტიკურად დავუახლოვდით თუ არა ჩვენს დასავლურ იდენტობასა და მომავალს. პასუხი არის „არა“. ჩვენ შეწყალების ინსტრუმენტით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების არაერთი შემთხვევა გვახსოვს. დაგროვილია გამოცდილება, რომ ამას, საბოლოოდ ჯამში, ქვეყანა წინ არ წაუყვანია. მეტიც, ვნახეთ, რომ ამ საქმეებს ივანიშვილი და მისი რეჟიმი ისე, როგორც მძევლებით ვაჭრობას, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. უნდა გვესმოდეს, რომ მანამ, სანამ გვყავს რეჟიმი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის დაჭერა უტიფარ საქმეზე შეუძლია, ჩვენი პოლიტიკური უბედურება მოგვარებული არ არის. ივანიშვილის რეჟიმის აგრესიულმა რეაქციამ არ უნდა მოგვატყუოს. მათ ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონდათ წინა ჯერზე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე. ყველაზე ამაზრზენი ფორმით მათი დამოკიდებულება მაშინ ჩანს, როდესაც ახსენებენ გვარამიას თავდასხმებს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ეს აჩვენებს, რომ მათ მართლმსაჯულება, როგორც პირადი ურთიერთობების გარკვევა, ისე ესმით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას ზედმეტ სიხარულს გამოხატავენ და ფიქრობენ, რომ ამით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შეუწყობენ ხელს.
„რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ეს დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო. ოპოზიციის ნაწილი აღტყინებული იყო და ჩვენგან, ყველასგან, ვინც სალომე ზურაბიშვილს ადრე ამ გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო ვაკრიტიკებდით, ლამის პრეზიდენტისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. ჩვენ სწორი მოთხოვნა გვქონდა, ის შესრულდა, მაგრამ ბოდიში რისთვის უნდა მოვიხადოთ? იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანი 400 დღე ციხეში იჯდა? აქაც არ უნდა დავკარგოთ ადეკვატურობა. ჩვენი ყველას ფოკუსი, ვისაც ნიკა გვარამიას თავისუფლება საფუძვლიანად გაგვიხარდა, უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ინფანტილური რეაქცია ამ ამბავზე. ეს იყო აღფრთოვანება და ზესიხარულის გამოხატვა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი შეფასებებით მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას შეუწყობენ ხელს. ეს რომც ასე მოხდეს, ჩვენი ქვეყნის პრობლემა ვერ გადაიჭრება, სანამ მას ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმი მართავს“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გადაწყვეტილება მოტივის გარეშე – ასე აფასებს ნიკა გვარამიას შეწყალებას მმართველი გუნდი. უმრავლესობა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ პრეზიდენტს მისი გადაწყვეტილების არგუმენტები არ დაუსახელებია.
“დანაშაული იყო ჩადენილი და ასე აუხსნელად, ყოველგვარი კომენტარის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო იყო და, გარდა ამისა, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, რომელიც მისგან ელემენტარულ განმარტებას მაინც ელოდებოდა, რას შეიძლება ამან ხელი შეუწყოს.
ვნახოთ, რამდენად დიდი რესურსი გამოიტანა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების სისტემიდან იმისათვის, რათა დეპოლარიზაციის ამოცანას რაიმე შემატოს,”-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილის მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას უკრაინის რადას ფრაქციის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
”მინდა მადლობა გადავუხადო ქ-ონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში.
ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.
ვულოცავ ნიკას თავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს ამ დიდ სიხარულს და ვულოცავ თავისუფალ მედიას დიდ გამარჯვებას”, – წერს არახამია.

აშშ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს საქმე პრობლემატური იყო თავიდანვე. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში პოლარიზაციის და დაყოფის შესამცირებლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა არ არის ქართველების დაყოფის დრო, ახლა ქართველების ერთად დგომის დროა.
„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გარკვევით განაცხადა, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება. შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორები თავიდანვე გამოხატავდნენ შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ შეშფოთების გამოხატვა არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ, როდესაც ისინი შეშფოთებულები არიან და არ ნიშნავს ჩარევას. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად უდგება და იღებს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ელჩმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც საქართველოში დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ არსებით ნაბიჯს.
ევროპული საბჭოს მიერ 22 ივნისს, ღამით გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იმის დადასტურებასაც, რომ საქართველო აღარ შეეცდება „უცხოეთის გავლენის“ კანონის მიღებას.
ევროპული საბჭოს პრესრელიზში დადებით ნაბიჯადაა შეფასებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაც, მესამე მოსმენით არ მიიღოს „დეოლიგარქიზაციის კანონი“ და ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს სისტემურ მიდგომაზე.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პოზიტიური იმპულსია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმებისთვის და, რომ „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“.
ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button