ოცწლიანი პაუზის შემდეგ, კახეთში დიდი ბრიტანეთიდან გამოგზავნილი ამანათები შემოვიდა

თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, კახეთში დიდი ბრიტანეთიდან გამოგზავნილი ამანათები შემოვიდა.
თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა ოჯახებმა, დიდი ბრიტანეთის სკოლებში შეგროვილი ამანათები მიიღეს.
საჩუქრები საქართველოში წითელი ჯვრის ორგანიზებით ჩამოიტანეს და სულ, ექვს მუნიციპალიტეტში გადაანაწილეს.
კახეთში წითელი ჯვრის წარმომადგენელი, ნინო გიგილაშვილი ამბობს, რომ წლებია, ბრიტანეთიდან ამანათები აღარ შემოსულა.
” ძალიან დიდი ხნის წინ იყო ბრიტანეთიდან გზავნილი, კარგა ხანია, აღარაფერი ყოფილა. ეს არის ბრიტანეთის სკოლებში შეგროვილი საჩუქრები, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის. ვისაც რამდენი შვილი ჰყავს, იმდენი ამანათი მიიღო. საჩუქრები ყუთებში მოთავსებული იყო, ასაკისა და სქესის მიხედვით, ძალიან მოწესრიგებულად”- განაცხადა გიგილაშვილმა.
დიდი ბრიტანეთიდან გამოგზავნილი ამანათები მრავალშვილიან ოჯახებს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერებმა გადასცეს.
თელავსა და ახმეტაში ბრიტანული საჩუქრები 120- მდე ოჯახმა მიიღო.