თორნიკე რიჟვაძე საპროტესტო შიმშილობას დასცინის
“ალბათ, წონაში მოიმატა და უნდა დაკლება.” – ასე ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე “ბათუმელების” ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ალექსანდრე მილორავაზე, რომელიც აჭარის ტელევიზიის წინ გაშლილ კარავში, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, მე-8 დღეა შიმშილობს.
“ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად, ამ შიმშილობის მიზეზი არის ორი: ერთი არის პოლიტიკური შოუ და მეორე, ალბათ, წონაში მოიმატა და უნდა დაკლება.” – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.
აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე მილორავა “პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.”
უკვე მე-8 დღეა, ორგანიზაცია “მე მიყვარს ბათუმის” წევრი ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებს, მას უნდობლობა გამოუცხადოს. კოხრეიძე მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ინტერესებს ატარებს და ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ათავისუფლებს ან ფუნქციებს უცვლის.
მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გადააყენა, მის ნაცვლად კი გიორგი კოხრეიძე დანიშნეს, არხის ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებზე საუბრობენ და ალტერნატიული პროფესიული კავშირიც შექმნეს.
22 ნოემბრიდან დღემდე არხიდან ზეწოლის შედეგად წამოვიდა (ან კოხრეიძის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს) არაერთი საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირი, მათ შორის, ახალი ამბების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.
დირექტორის მხრიდან შევიწროებისა და კონტროლის ფაქტების გამო, სამსახური დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ, რომელიც კოხრეიძის დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
ასევე დაუსაბუთებელი საფუძვლით, კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი. მისი მოადგილე მაია მერკვილაძე კი, ტელევიზიიდან რადიოში გადაიყვანეს და ფაქტობრივად, ჩამოაშორეს სარედაქციო პოლიტიკას.
ახალი ამბების სამსახურში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების გამო, წამყვანი თეონა ბაკურიძე, კვლავ კოხრეიძის პირადი გადაწყვეტილებით, ჯერ ეთერიდან მოხსნეს, რამდენიმე დღეში კი, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
უფლებამოსილებები შეეზღუდა ონლაინ-მედიის სამსახურის უფროს სოფო ჟღენტს. კოხრეიძემ მას სრულად აუკრძალა საინფორმაციო ამბების კონტენტის ვებ-გვერდზე განთავსება.
კიდევ ერთი ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე სამუშაოდ ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო კი, ჟურნალისტი თეონა თურმანიძე ეთერს გარკვეული დროით ჩამოაშორეს.
11 მაისს, გიორგი კოხრეიძის ბრძანების საფუძველზე სოციალურ ქსელში დაწერილი მოსაზრების გამო, არხიდან გაათავისუფლეს მალხაზ რეხვიაშვილი, გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე.