მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თუ ევროკავშირისა და აშშ-ის არჩევნებში მშვიდობისმოყვარე ხალხი გაიმარჯვებს, უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელი იქნება-ორბანი

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს 21 ქვეყანაში მიმდინარეობს

უკრაინის კონფლიქტის მოგვარება მოსალოდნელია, თუ ევროპარლამენტისა და აშშ-ის არჩევნებში მშვიდობისმოყვარე ძალები გაიმარჯვებენ, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
კითხვაზე, თუ როდის არის მოსალოდნელი მშვიდობა უკრაინაში, ორბანმა უპასუხა: „მისი მიღწევა შესაძლებელია ორ ნაბიჯში“. უნგრეთის პრემიერის განმარტებით, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მიმდინარე ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი თემა ომისა და მშვიდობის საკითხია. ნოემბერში კი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც მეორე ნაბიჯია.
ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ევროპასა და აშშ-ში არჩევნებში “მშვიდობისმოყვარე ხალხი გაიმარჯვებს”, მაშინ უკრაინაში მშვიდობის დამყარება შესაძლებელი იქნება.
„ახლა ჩვენი პირველი ამოცანა ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებაა“, – განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საარჩევნო კამპანიას და ხედავდა, რომ ომისა და მშვიდობის საკითხი ყველგან აქტუალური იყო.
„აქედან გამომდინარე, ევროპულ ქვეყნებში საარჩევნო კამპანიის ინტერპრეტაცია შესაძლებელია, როგორც ომისა და მშვიდობის საკითხის კამპანია“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპარლამენტის არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
სანჩესის თქმით, ამ არჩევნებს ესპანეთის მომავლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მოვუწოდებ ყველას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ერთად გადავწყვიტოთ, როგორი მომავალი გვსურს ევროპისთვის, პროგრესი გვსურს თუ რეგრესი, სოლიდარული ევროპა გვინდა, თუ რეაქციული“,- განაცხადა სანჩესმა.

ძლიერი ბერძნული ხმა და წარმომადგენლობა ევროპარლამენტში გადამწყვეტია, – ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.
ხმის მიცემის შემდეგ, მიცოტაკისმა მოუწოდა მოქალაქეებს, მიიღონ ხმა ევროპარლამენტის არჩევნებში.
„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არჩევნები არის დემოკრატიის ზეიმი და რაც უფრო დიდია მონაწილეობა, მით უფრო ძლიერდება ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები“, – განაცხადა მიცოტაკისმა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება და გადამწყვეტია, რომ საბერძნეთს ჰყავდეს საუკეთესო წარმომადგენლობა.
„ევროპარლამენტის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. ძლიერი ბერძნული ხმა და წარმომადგენლობა ევროპარლამენტში გადამწყვეტია. ეს საშუალებას მისცემს საბერძნეთს, განამტკიცოს თავისი ინტერესები ევროპაში. ჩვენ პატივს ვცემთ მოქალაქეებს, რომლებიც ჩაერთვებიან ამ დემოკრატიულ პროცესში საკუთარი შეხედულებების გამოხატვის მიზნით“, – განაცხადა მიცოტაკისმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნები დღეს 21 ქვეყანაში მიმდინარეობს, არჩევნები დღეს დასრულდება. ევროკავშირის მოქალაქეები 720 პარლამენტარს ირჩევენ, რომლებიც წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად.

მსგავსი პოსტები

Back to top button