თუკი სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, ის სასამართლო პროცესს დაესწრება- ბასილაია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თუკი სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, ის საკუთარ სასამართლო პროცესს, რომელიც 29 ნოემბერსაა დანიშნული, დაესწრება.
როგორც ბასილაიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია.
„ივანიშვილისგან მართულმა სასამართლომ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა ქართველი ხალხის წინაშე წარმდგარიყო, რადგან სასამართლოს განაჩენი ქართველი ხალხის სახელით გამოაქვს. საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ქართველი ხალხისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია და არა აბსურდული ბრალდებების სუბიექტი.
მიხეილ სააკშვილის დიდი სურვილია ამ პროცესებს, განხილვებს დაესწროს. იმედი გვაქვს, 29 ნოემბერს ეს შესაძლებლობა რეალიზებული იქნება. “, – განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოგზვანილ წერილში განაცხადა, რომ მას „უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მისცენ და დაასწრონ საკუთარ პროცესებს, სადაც დაელაპარაკება ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს“.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დასწრების საკითხზე 2 მთავარი ფაქტორი იყო – უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორც კი რისკი იქნება გამორიცხული, პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში.
აქვე სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი
მოხარული ვარ ინფორმაციით, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, –
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია.
„ეს არის ფუნდამენტური საკითხი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. იმედი მაქვს, რომ მოვლენების განვითარების არსებული იმპულსი იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის იფიქრონ, რომ შეინარჩუნონ ეს იმპულსი და საქმე წინ წაწიონ”, – აღნიშნა ელჩმა.