მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მათ არ სურთ ახალი ჩერნობილი

ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება „სუიციდი“ იქნება-გუტიერეში

უკრაინის ქალაქ ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკის, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ანტონიო გუტიერეშს შორის ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები დასრულებულია.

შეხვედრის მიწურულს ერთობლივ კონფერენციაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ „სამმხრივი შეხვედრის მთავარი მიზანი იმ გზის მოძებნა იყო, რომელიც ომს დაასრულებს“.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

პირისპირ აუდიენციისას ერდოღანმა და ზელენსკიმ „მარცვლეულის ინიციატივა“, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტრო სადგურის თემა და თავდაცვით სფეროში ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ომის შემდგომ უკრაინის ინფრასტრუქტურულ რეკონსტრუქციაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განიხილეს რუსეთის მხრიდან „ბირთვული შანტაჟი“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალურ მდივანს, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. ანტონიო გუტიერეში მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს სადგურზე უნდა შევიდეს, იგი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის “დემილიტარიზაციას” ითხოვს.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება „სუიციდი“ იქნება.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის არეალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასწრაფოდ საჭიროა შეთანხმება.

“ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ელექტროსადგურის ობიექტები ან მისი შემოგარენი არ იყოს სამხედრო ოპერაციების სამიზნე. სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა გაყვანილ იქნას ელექტროსადგურიდან. ადგილზე ძალების ან აღჭურვილობის შემდგომი განლაგება თავიდან უნდა იქნას აცილებული. საჭიროა ტერიტორიის დემილიტარიზაცია”, – აღნიშნა გაეროს გენმდივანმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს მარცვლეულის ექსპორტის საკითხი და მისი მიმართულებები.
ამასთან თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მათ არ სურთ ახალი ჩერნობილი.

„ჩვენ არ გვსურს განვიცადოთ ახალი ჩერნობილი. თურქეთი, ერთის მხრივ ძალისხმევას არ იშურებდა კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასასრულებლად, მეორე მხრივ კი იდგა უკრაინელი მეგობრების გვერდით, და ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

თავის გამოსვლაში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა აქტიურად მიიღებს მონაწილეობას უკრაინის რეკონსტრუქციაში. ერდოღანმა ასევე ყურადღება გაამახვილა ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზების ძიების აუცილებლობაზე.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინასთან თანამშრომლობის და სოლიდარობის გაღრმავების შესაძლებლობა იმ პირობებში, რომელშიც ვართ. ცხადია, ომი, რომელიც უკვე ექვსი თვეა გრძელდება, იყო მოლაპარაკებების მთავარი საგანი. ამ კუთხით, მე კიდევ ერთხელ დავადასტურებ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე ისაუბრა 22 ივლისს თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელმაც უკრაინას მისცა საშუალება, ხორბლის ექსპორტი განეახლებინა.

„მჯერა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. პრეზიდენტი ზელენსკი და ბატონი ანტონიუ გუტერეში ამაში მეთანხმებიან. ახლა მთავარია, გამოვლინდეს ყველაზე მოკლე და სამართლიანი გზა, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან მიგვიყვანს. მჯერა, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებების აღდგენა იმ პარამეტრებით, რომელზე შეთანხმებაც ჯერ კიდევ მარტში, სტამბოლში მოხერხდა. ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ შევასრულოთ ფასილიტატორისა და შუამავლის როლი. მზად ვართ, ყველა სახის დახმარება გავწიოთ ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ერდოღანმა. – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერდოღანის თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე ასევე შეფასდა სტამბოლის შეთანხმების შედეგად მიღწეული „პოზიტიური ატმოსფეროს მუდმივ მშვიდობად გარდაქმნის შესაძლებლობები”.

ერდოღანის თქმით, მთელმა მსოფლიომ დაიწყო შეთანხმების „დადებითი ეფექტების“ შეგრძნება, რამაც უკრაინულ მარცვლეულს შავი ზღვის გავლით დანარჩენ მსოფლიოში უსაფრთხო ექსპორტის საშუალება მისცა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ტყვეების გაცვლის საკითხი.

„ჩვენ განვიხილეთ სამხედრო ტყვეების გაცვლა და ჩვენი ინიციატივები ამ კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ ბატონ პუტინთან ამაზე საუბარს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button