მნიშვნელოვანისიახლეები

საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებულ ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიეცემა.

“ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა მიეცემა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით.

ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების აღნიშნული რეჟიმი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების მოხსნა წარმოადგენდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ერთ-ერთ ძირითად საგანს. ცენტრალური ხელისუფლების მიერ საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.

ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან საოკუპაციო რეჟიმი უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობს. ახალი მავთულხლართი შიდა ქართლში, ატოცი-ქვემო ოქონას მონაკვეთზე გაჩნდა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ოკუპანტებმა ღობეში გამოსასვლელი ჭიშკარიც გააკეთეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბორდერიზაციას კვლავ გააგრძელებენ, მოსახლეობა კი გატაცების საფრთხის წინაშეა.

დავით ქაცარავას თქმით, ოკუპანტები გააქტიურდნენ მცხეთა-მთიანეთშიც, სადაც თხრილებს აკეთებენ.

“დაიწყეს მავთულხლართების გაბმა. ეს პროცესი გაგრძელდა ზუსტად ორი დღის წინ, ასე შეგვატყობინეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა. გააკეთეს გამოსასვლელი ჭიშკარი ამ მავთულხლართში, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი შეეცდებიან ადგილობრივი მაცხოვრებლების გატაცებას. ამასთან ერთად, მცხეთა მთიანეთში ისინი ახალი თხრილების გაკეთებაზე მუშაობენ. რუსი ოკუპანტები აგრძელებენ თავიანთ აგრესიულ პოლიტიკას, მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ფიანდაზად ეფინება…”, – თქვა დავით ქაცარავამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button