მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ხუთშაბათს საღამოს თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა ოქმი ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ. კენჭისყრის დროს დოკუმენტის წინააღმდეგ არც ერთი ხმა არ ყოფილა მიცემული.
თურქმა დეპუტატებმა ამ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი – სულ 276-მა პარლამენტარმა.

თურქეთი გახდა ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან უკანასკნელი, რომელმაც დაამტკიცა ფინეთის ალიანსში გაწევრიანება. ამ კვირის დასაწყისში გადაწყვეტილებას უნგრეთის პარლამენტმაც დაუჭირა მხარი.

მანამდე თავად ფინეთმა დაასრულა ალიანსში გაწევრიანების ყველა საჭირო ფორმალობა. თურქეთის პარლამენტის 30 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ ივლისში, ნატოს ლიეტუვის სამიტზე, ფინეთს გზა ხსნილი აქვს ალიანსში გაწევრიანებისთვის.

ამავე დროს, ჯერჯერობით უცნობია ნატოში გაწევრიანებისთვის შვედეთის განაცხადის ბედი, რომლის წარდგინებაც გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფინეთთან ერთდროულად მოხდა. უნგრეთსა და თურქეთს, მთელ რიგ პირობების გამო, შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი ჯერ არ აქვთ რატიფიცირებული.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. განაცხადის დასადასტურებლად აუცილებელია ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან მისი რატიფიცირება.

თებერვალში თურქეთმა მხარი დაუჭირა ფინეთის განაცხადს, მაგრამ შვედეთის ხელისუფლებას ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ მკაცრი პოზიციის დაკავება მოსთხოვა.
ფინეთი უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება ნატო-ს 31-ე წევრი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. მანამდე თურქეთი გახდა ალიანსის ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა.

„მივესალმები თურქეთის ეროვნული ასამბლეის მიერ ნატო-ში ფინეთის წევრობის რატიფიცირებას. ამჟამად გაწევრიანების პროტოკოლი რატიფიცირებული აქვს ალიანსის 30-ვე წევრს. მე ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ საული ნიინისტოს და მივულოცე ეს ისტორიული დღე. ფინეთი ჩვენს ალიანს ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეუერთდება. მისი წევრობა ფინეთს უფრო უსაფრთხოს, ხოლო ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის. ფინეთს ჰყავს ბრძოლისუნარიანი ძალები, განვითარებული შესაძლებლობები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ამგვარად ფინეთის წევრობა ალიანს ბევრს მოუტანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე მიესალმოს შვედეთს, როგორც ნატო-ს სრულუფლებიან წევრს.

„მოკავშირეები თანხმდებიან, რომ შვედეთისთვის რატიფიციკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესებშია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები გასული წლის გაზაფხულზე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ერთად შეიტანეს. ამჟამად შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება დარჩენილი აქვთ უნგრეთისა და თურქეთის პარლამენტებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button