თუშეთში ტურისტული სეზონი მეწყრული გზების ფონზე გაიხსნა
თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. – ამის შესახებ რადიო ჰერეთს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, თუშეთში არსებულმა სასტუმროებმა წინასწარ გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით გათვალისწინებული რეგულაციები და ვიზიტორთა მიღება დაიწყეს.
როგორც ადმინისტრაცია განმარტავს, გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, საზღვარგარეთიდან ჯავშნები გაუქმდა და ძირითადად ქართველი ან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ თუშეთს.
მათი განმარტებით, მიმდინარე წელს, 600-მდე ვიზიტორმა უკვე მოინახულა თუშეთი, აქედან უცხოელი ტურისტი მხოლოდ რამდენიმე ათეულია.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მთავრობას დაწყებული აქვს მუშაობა თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტზე, რომლის კონტურები უკვე არსებობს და პერსპექტივაში ეს პროექტი რეალიზებული გახდება.
რადიო ჰერეთი დაინტერესდა რამდენად იყო გამართული თუშეთისკენ მიმავალი გზა, რომელიც თითქმის ყოველწლიურად მოქალაქეების გადაადგილების მიმართულებით ქმნის პრობლემებს. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ თქვა რომ გზა შეკეთებულია, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა და საგზაო დეპარტამენტთან გადაგვამისამართა.
რადიო ჰერეთი ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს საგზაო დეპარტამენტთან დაკავშირებას, არც დეპარტამენტის ცხელ ხაზზე და არც მობილურ ტელეფონზე ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
გასულ წლებში, თუშეთის გზა ცნობილია არაერთი მეწყერით, რომელიც ხშირად ქმნის საავარიო სიტუაციებს.
როგორც ცნობილია, თუშეთის გზის კომპლექსური რეაბილიტაციისთვისაც გასულ წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მილიონი ლარი გამოყო, ამ თანხით 56-ე კილომეტრზე, მეწყრულ უბანზე, გზა უნდა შეკეთებულიყო. 2019 წელს ტენდერში გამარჯვა კომპანია „საქგზამეცნიერებამ“, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა.
ამ დროისთვის გზა გახსნილია, თუმცა როგორც ჩანს მეწყრულ ზონებზე კვლავ პრობლემებია. რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
გუშინ, 22 ივლისს ფშაველი აბანო ომალოს საავტომობილო გზა უამინდობის გამო კვლავ ჩაიკეტა, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სამინისტრო ვებგვერდზე გაავრცელა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-40 კმ-ზე, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა გზა.”- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც რადიო ჰერეთთან 22 ივლისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ხიზანაიძემ განაცხადა, ამ დროისთვის გზის დაზიანებული მონაკვეთი გაწმენდილია.
“დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდა დასრულდა, ათამდე მანქანამ რომელიც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხდნენ ტერიტორია უკვე დატოვა. ადგილზე ამ დროისთვის სპეცტექნიკა მორიგეობს. თუ გზაზე პრობლემები არ შეიქმნა სავარაუდოდ გზა ხვალ დილით გაიხსნება.” აცხადებს ანზორ ხიზანაიძე.
ფშაველი აბანო ომალოს გზა ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო გზაა საქართველოში. გაუმართავი და მეწყრული გზის გამო აქ არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ბოლო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ასევე მსხვერპლით დასრულდა, გზის 23–ე კილომეტრზე, 2019 წლის 27 ივლისს მოხდა. „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანა, რომლითაც 12 ადამიანი ქვემო ალვანიდან თუშეთში მიდიოდა, გზიდან ხევში გადაიჩეხა. მაშინ ორმა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა ხევში გადავარდნამდე მოასწრო, სამიც გადავარდნისას გადმოხტა და მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, შვიდი ადამიანი კი სატვირთო მანქანამ დაახლოებით 150 მეტრი სიღრმის ციცაბო ხევში ჩაიყოლა.შვიდივე დაიღუპა, მათ შორის 12 და 18 წლის ბავშვები იყვნენ.