დღეს, 9 მარტს თუშეთში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს მათთვის კუთვნილი სასურსათო კალათები გადასცეს.
საკვები პროდუქტები სოფელ ომალოში შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩაიტანეს.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, იარკლი შიოშვილის განმარტებით, რეისები რეგულარულად, იქ მცხოვრები მოსახლეობის პროდუქტით მომარაგებისათვის და სამგზავრო დანიშნულებით ხორციელდება.
” მორიგი რეისი შესრულდა თუშეთის მიმართულებით. ზამთრის თვეების განმავლობაში, სოფლებში 20- ზე მეტი ოჯახი რჩება. ყველაზე მეტად მისასალმებელია, რომ აქ ზამთარში ქალებიც ცხოვრობენ,რომლებსაც დღესასწაულიც მივულოცეთ. ისინი განსაკუთრებით ზრუნავენ თუშეთზე”- განაცხადა რადიო ჰერეთთან შიოშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, თუშეთის სხვადასხვა სოფელში 21 მუდმივად მცხოვრები ოჯახი იმყოფება.
თანხას, თუშეთის პროდუქტით მომარაგებისათვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის ყოველწლიური ბიუჯეტი ითვალისწინებს.
რეისები თუშეთის მიმართულებით, ვერტმფრენით სოფლებში მგზავრების გადასაყვანად და სურსათით მომარაგებისათვის, ყოველკვირეულად ხორციელდება.
საავტომობილო გზა, თუშეთის სოფლების მიმართულებით, ოქტომბრის ბოლოს დაიკეტა და მაისში უნდა გაიხსნას.