მნიშვნელოვანისიახლეები

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში – მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსამართლემ ბექა ჯაიანი დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით – ჩადენილ მკვლელობაში.

ამასთან ერთად, იგი დამნაშავედ ცნეს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.

გადაწყვეტილება დღეს, 2025 წლის 16 აპრილს, გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა.

აწ უკვე მსჯავრდადებული ბექა ჯაიანი, რომელსაც დღეს სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა შეეძლო, სხდომაზე არ გამოცხადებულა, – მიზეზად მოსამართლეს აცნობა, რომ „ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამო“ ვერ ცხადდება სხდომაზე.

იგი ბრალს ნაწილობრივ აღიარებდა – აღიარებდა მკვლელობას, თუმცა არ აღიარებდა დამამძიმებელ გარემოებებს.

ჯაიანის ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

საქმის გარემოებები
კესარია აბრამიძის ცხედარი 2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საკუთარ ბინაში იპოვეს. ის 36 წლის იყო.

სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ქალი დანით მრავლობითი ჭრილობის მიყენების შედეგად სისხლისგან დაიცალა.

26 წლის ბექა ჯაიანი მომხდარიდან 6 საათში ქუთაისის აეროპორტთან დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, – რაც სასამართლომაც დაადასტურა:

ბექა ჯაიანი მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ცდილობდა ქვეყნის დატოვებას;
შეეცადა მტკიცებულებების განადგურებას (სისხლიანი ტანსაცმელი გადაყარა, დაიბანა და ადგილი მოასუფთავა, მობილური ტელეფონი გადამალა);
ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე, სავარაუდოდ, ბოლო საქმეა, რომელსაც პროკურატურამ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა და რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილება ამ გარემოებების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

„ქართული ოცნება“ საქართველოს კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერს“ სრულიად აქრობს. კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს.

ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,

რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 წლის ჯაიანს სასამართლომ პატიმრობა გასული წლის 20 სექტემბერს შეუფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button