მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

“ცესკო-ზე შტურმის მოთავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან”

“მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შსს-ს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

ამასთან, კობახიძის თქმით, ცესკო-ზე შტურმის მოთავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

„შეგახსენებთ, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ ჯგუფებს გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. ამჯერადაც, შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შსს-ს მოვუწოდებთ, პროპორციული ძალის გამოყენებისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის ნიშნად აქცია 8 ნოემბერს, 15:00სთ-ზე დაიწყო, სადაც ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები იყო. დათქმულ დროს, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, რისკენაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს. ადგილზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა. ცესკოსთან მყოფი პირების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც.

წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების შემდეგ, ოპოზიციამ, ცესკოსთან მიმდინარე აქციის დაშლა გადაწყვიტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button