მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი აცხადებს, რომ სრული კონტროლი დაამყარა ქალაქ ხერსონზე

ხერსონში 300 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 2 მარტს განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა სრული კონტროლი დაამყარეს ქალაქ ხერსონზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თანახმად, „რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სრულ კონტროლქვეშ აიღეს საოლქო ცენტრი ხერსონი“.

რუსეთის სამხედრო ძალებმა ანექსირებული ყირიმის მახლობლად მდებარე ქალაქ ხერსონზე შეტევა 24 თებერვალს დაიწყეს.

კონაშენკოვის მტკიცებით, „სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობისთვის სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები და საქალაქო ტრანსპორტი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ და ქალაქი არ განიცდის სურსათის და პირველადი მოხმარების საქონლის უკმარისობას“. კონაშენკოვის განცხადებითვე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გრძელდება მოლაპარაკება ხერსონის სოციალური ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების მიზნით.

ბოლო საათებში უკრაინული წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია რუსული ძალების მიერ ქალაქ ხერსონის დაკავების შესახებ. უკრაინული მედიასაშუალებები ხერსონის მერზე, იგორ კოლიხაევზე დაყრდნობით წერდნენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონში დაიკავეს რკინიგზის სადგური და მდინარე დნეპრის ნავსადგური და ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ სახლებს და ადმინისტრაციულ შენობებს. მერის თანახმად, დაღუპულები და დაჭრილები არიან როგორც სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გავრცელებულ ოფიციალურ შეტყობინებაში ხერსონი დასახელებული იყო ერთ-ერთ მიმართულებად, სადაც მოწინააღმდეგე „შემტევ მოქმედებებს“ განაგრძობს. უკრაინის ხელისუფლებას ხერსონზე რუსების სრული კონტროლის ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button